ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის რუსეთის მთვარის პროგრამის ფარგლებში აგრესორ ქვეყანასთან აღარ ითანამშრომლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს Luna-ს სერიის მისიების განხორციელება სრულიად მარტოს მოუწევს.

ESA-ს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხია და მასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წარმომადგენელმა Luna 25-ად წოდებული მისიიდან მათი კუთვნილი კამერის, Pilot D-ის ამოღების განკარგულება უკვე გასცა და ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელს დმიტრი როგოზინს შეატყობინა.

ასევე, იხილეთ: პუტინის განცხადებით, მალე რუსეთი მთვარეზე დაბრუნდება

ESA მონაწილეობას არ მიიღებს მომდევნო მისიებშიც: Luna 26 და Luna 27. რუსეთს ევროპული ოპტიკური სანავიგაციო სისტემა და მიწისქვეშა ბურღი უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ასე აღარ მოხდება.

ევროპის კოსმოსური სააგენტო რაკეტა Vega rocket-ის ძრავების ჩანაცვლებასაც განიხილავს, რადგან მათზე უკრაინული კომპანია Yuzhmash მუშაობს. ეს უკანასკნელი დაბომბვის შედეგად არ დაზიანებულა, მაგრამ ESA-მ მაინც ალტერნატივების მოძებნა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ExoMars-ის მისიაც გადაიდო, რომელიც ევროპასა და რუსეთს ერთობლივი ძალებით სექტემბერში უნდა განეხორციელებინა. ახალი მარსმავლის ბედი ივნისში გადაწყდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.