იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლოს მიმართ არსებობს მოლოდინი გერმანულ და ამერიკულ სასამართლოსთან მსგავსების, ასე უნდა დაემსგავსოს ქართული მედია CNN-სა და BBC-ის. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"ყველაფერი ხო ვითარდება? როგორი ჟურნალისტიც იყავით პირველ წელს, ახლაც ისეთი ხო არ ხართ, ხო ვითარდებით? მე როგორი მოსამართლეც ვიყავი პირველ წელს, 10 წლის მერე ხო სხვანაირი ვარ? ყველაფერს უნდა წინ წასვლა, განვითარება," - განმარტა მურუსიძემ.

მას მიაჩნია, რომ ქართველი ჟურნალისტები ტელეეთერებში დაპირისპირების მოწყობაზე არიან ორიენტირებულები, რა დროსაც ურთიერთშეურაცხმყოფელი მოსაზრებები ისმის. ის ფიქრობს, რომ დაპირისპირება და ლანძღვა უნდა „დამთავრდეს“. „დამთავრება“ კი უნდა შეეხოს სატელევიზიო ეთერებსაც.

„ჟურნალისტი ეძახის იმ ორ ადამიანს, რესპონდენტს, რომლებზეც ისიც, რომ დედა უნდა აგინონ ერთმანეთს და ბოლოს ჩხუბით უნდა დამთავრდეს. წინასწარ იციან, რომ ეს დამთავრდება ჩხუბით. გინახავთ სადმე ტელევიზიაში ანალიტიკური ფიქრი, აზროვნება, დაპირისპირების გარდა ტელევიზიაში ხედავთ [რამეს] საქართველოში დღეს? კი ბატონო, არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება უნდა დარჩეს, მაგრამ დაპირისპირება, ღვარძლი, შუღლი ხო უნდა დამთავრდეს?“ - ამბობს მურუსიძე.~

გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ლანძღვა და შეურაცხყოფა მოსამართლეების გარდა, სხვა პროფესიის ადამიანების მიმართაც შეზღუდული უნდა იყოს. მისი აზრით, რომელიმე წარმომადგენლის მიმართ გამოთქმული ლანძღვისა და შეურაცხყოფის შემცველი შინაარსის მოსაზრებები სისტემას ანგრევს.

„საქართველოში არის ანომალიური სიტუაცია, რომელზეც პატრიარქმა თქვა, რომ ეს არის ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა,“ - ასე აფასებს მურუსიძე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიმართ ლანძღვისა და შეურაცხმყოფელი მოსაზრებების გავრცელებას.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. უწყება დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია არ ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის სანქციის დაწესებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მსგავს შეზღუდვებს ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუარესდეს.