ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ თეთრკანიანმა ამერიკელმა ოფიცერმა შავკანიან კაცს თავში ესროლა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ეს ინციდენტი მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ ქალაქში 4 აპრილს მოხდა.

კადრებში ჩანს 26 წლის პატრიკ ლიოია, რომელიც ოფიცერს გაურბის, თუმცა პოლიციელის სახის ამოცნობა ვერ ხერხდება. ოფიცერი, რომლის სახელსაც პოლიციის დეპარტამენტი არ ამხელს, 26 წლის კაცს ეუბნება, რომ მის ელექტროშოკს ხელი გაუშვას და სახით მიწაზე დაწვეს, შემდეგ კი ესვრის.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ემოციურად მძიმე კადრებს.

შავკანიანი კაცის გარდაცვალებას დიდი პროტესტი მოჰყვა და ათასობით დემონსტრანტი ქალაქ გრანდ რეპიდსის პოლიციის დეპარტამენტთან შეიკრიბა და პოლიციელის ვინაობის გასაჯაროება მოითხოვა. გარდაცვლილი ლიოია წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო და ბოლო 5 წელი გრანდ რეპიდსში ცხოვრობდა. მას ოჯახმა ადვოკატი უკვე დაუქირავა, რომელიც გარდაცვლილის ინტერესებს დაიცავს.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ოფიცერმა ლიოია საეჭვო ავტომობილის ნომრის გამო გააჩერა. ლიოია ავტომობილიდან გადმოვიდა და დაბნეულმა იკითხა, თუ რა დააშავა. ოფიცერმა მას მართვის მოწმობა მოსთხოვა და მცირეხნიანი დიალოგის შემდეგ ლიოიამ გაქცევა სცადა. შემდეგ კი პოლიციელი ლიოიას დაედევნა და მისი ჩანაწერი აქ წყდება, რადგან პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ოფიცერს კამერა შემთხვევით გამოერთო. თუმცა ლიოიას მგზავრმა თავისი ტელეფონით გადაიღო ის კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ოფიცერი ლიოიას თავში ესვრის.

ფოტო: Getty Images

პოლიციის დეპარტამენტი ამ ეტაპზე ოფიცრის ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ საქმე ჯერ გამოძიების პროცესშია. გარდაცვლილის ოჯახი და მათი ადვოკატი კი ითხოვს, რომ ოფიცერი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და ბრალი წაუყენონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოძრაობა Black Lives Matter (შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) მასშტაბური აქციები მოჰყვა მთელ მსოფლიოში, რამაც სისტემური რასიზმის წინააღმდეგ კრიტიკული განხილვები კვლავ აქტუალური გახადა.