სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს, რომელმაც ტოტალიზატორებში 143 000 ლარზე მეტი გადარიცხა.

სუს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა თიბისი ბანკსა და ლიბერთი ბანკში გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

როგორც სუს განმარტავს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა გაიზარდოს.