იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მიაჩნია, რომ ლანძღვა და შეურაცხყოფა მოსამართლეების გარდა, სხვა პროფესიის ადამიანების მიმართაც შეზღუდული უნდა იყოს. ამის შესახებ მან On.ge-ს ჟურნალისტს განუცხადა.

მისი აზრით, რომელიმე წარმომადგენლის მიმართ გამოთქმული ლანძღვისა და შეურაცხყოფის შემცველი შინაარსის მოსაზრებები სისტემას ანგრევს. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამართლეთა დაცვაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად თავად უნდა გადადგან ნაბიჯები.

On.ge-მ მურუსიძეს ჰკითხა, რატომ არ მიმართავენ მოსამართლეები პირადი ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის სასამართლოს და რა საჭიროა ახალი რეგულაციები გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, რასაც მან ასეთი პასუხი გასცა:

„მოსამართლემ შეიძლება პერსონალურად დაიცვას თავისი ღირსება სასამართლოს გზით. აქ მოსამართლის ინდივიდუალურ ღირსებაზე კი არ არის საუბარი, ზოგადად ეს პოლიტიკა გლობალურად ლახავს სასამართლო სისტემის პრესტიჟს. აქ არის გლობალური საკითხი, რომ ასეთი მოქმედებებით ზიანი ადგება მთლიან მართლმსაჯულების სისტემას".

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია არ ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის სანქციის დაწესებას. ქარტია მსგავს შეზღუდვებს ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევს.