ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოთქვამს მზადყოფნას, დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება ოპოზიციური პარტიის თითო წევრი შევიდეს. მან იმედის ეთერში თქვა, რომ გაკვირვებულა, რადგან საკითხი რაოდენობაზე დავიდა.

"დაახლოებით, ერთი საათის წინ საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი — სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა: თუ მართლა ამაზეა და რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ, ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა, იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს, და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენზე ამ შემთხვევაში ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას: კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნა და იყო ამ შეხვედრებზე, კი ბატონო წამობრძანდით თითო", — ამბობს ის.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაიფიქრა და უკრაინაში წავა. თუმცა ამჯერად მმართველი გუნდი და ოპოზიცია დელეგაციაზე ვერ შეთანხმდა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე ცალკე. ხოლო პარტია ლელომ თქვა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტით წავიდეს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან ერთად.

ამ განცხადებებამდე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ უკრაინაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდეს, "უკანასკნელი აფერისტი" უნდა იყოს.