ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები, რათა მთავრობამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღოს გენოციდის შესახებ.

"ვფიქრობ, ის, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უწოდა, არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით, როდესაც შევძლებთ ამ მტკიცებულებების შეგროვებას. [...] ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ მისი ძალების მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა", — ამბობს ის.

როგორც CNN წერს კითხვაზე, თუ რატომ არ იქონია სანქციებმა შემაკავებელი გავლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, ნულანდმა უპასუხა, რომ პუტინს "არ აინტერესებს თავისი ხალხი ან მისი ქვეყანა, მას მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიცია აინტერესებს".

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეიკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები "ძმები არიან".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაკრონის მიდგომა იმედგაცრუებას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის "ძმობის" მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ სწორია გენოციდი უწოდო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. მან პირდაპირ არ გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.