კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ სწორია გენოციდი უწოდო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. მან პირდაპირ არ გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.

"არსებობს ოფიციალური პროცესები გენოციდის დადგენასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორია, რომ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და იყენებს სიტყვა გენოციდს იმ თვალსაზრისით, თუ რას აკეთებს რუსეთი, რას აკეთებს ვლადიმერ პუტინი", — თქვა ტრუდომ.

12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობასთან გაზის გაზრდილ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეიკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები "ძმები არიან".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაკრონის მიდგომა იმედგაცრუებას იწვევს. საგარეოს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელ და რუს ხალხს შორის "ძმობის" მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში უკრაინაში რუსული რაკეტები გამოჩნდნენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.