ნახშირწყლები საუკეთესო რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელიც დაუმუშავებელ მცენარეებში გვხვდება, საკვები ნივთიერებებით საკმაოდ მდიდარია. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობის შემცირება ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, წონის კლებაში გვეხმარება და დიაბეტის მართვაშიც გვიწყობს ხელს.

იმის გასაგებად, თუ რამდენად გჭირდებათ ნახშირწყლებზე უარის თქმა, სასურველია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ, რომელიც სათანადოდ დაგაკვალიანებთ. ამ სტატიაში კი 10 რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც რაციონში ზემოხსენებული ორგანული ნაერთების შემცველობის შესამცირებლად გამოგადგებათ.

1. შაქრით დამტკბარი სასმელებისგან თავის შეკავება

შაქრების უმეტესობა, როგორიცაა, ფრუქტოზა, ლაქტოზა, მალტოზა, საქაროზა თუ გლუკოზა, მარტივი ნახშირწყალია. თითოეული მათგანი სისხლში შაქრის დონის აწევას, ასევე, პანკრეასის მიერ მეტი ინსულინის გამომუშავებას იწვევს.

შესაბამისად, მათით დამტკბარი სასმელების (იგულისხმება ხილის წვენიც) დალევით, ნახშირწყლებს ვიღებთ და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის წინაშეც ვდგებით. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ერთი ქილა არადიეტური კოკაკოლა 35 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, ცივი ჩაი კი — 29.5 გრამს. აქედან გამომდინარე, მათი მოხმარებისგან თავის შეკავება სასურველია.

2. დამუშავებული მარცვლეულის პურის ნაკლები რაოდენობით მიღება

პურის ბევრი სახეობა, განსაკუთრებით კი მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული, მრავალ მინერალსა და ვიტამინს აერთიანებს. მათში რთულ ნახშირწყლებს ვხვდებით, რომელთა გადასამუშავებლადაც კუჭს მეტი დრო სჭირდება, რაც შაქრის დონის ერთბაშად აწევისგან გვიცავს.

მათგან განსხვავებით, დამუშავებული მარცვლეულის პური (თეთრი) მარტივი ნახშირწყლების წყაროა და სასარგებლო ბოჭკოებისა თუ საკვები მიკროელემენტების ნაკლებობას განიცდის. კარგი იქნება, თუ ასეთ პროდუქტებს იშვიათად ან ნაკლები რაოდენობით მიირთმევთ.

ფოტო: dribbble

3. დაბალნახშირწყლოვანი სასუსნავების არჩევა

სასუსნავებმა შესაძლოა, ორგანიზმში ნახშირწყლების დაგროვებას შეუწყოს ხელი, რადგან, მაგალითად, ჩიფსი ან კრეკერი ცილასა და ბოჭკოს, ანუ დანაყრებისთვის საჭირო ელემენტებს მოკლებულია. ამიტომ, ასეთ ხემსებს იმაზე ბევრს ვჭამთ ხოლმე, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა.

გირჩევთ, არჩევანი ზემოხსენებული ნაერთებით მდიდარ და დაბალნახშირწყლოვან პროდუქტებზე შეაჩეროთ (თხილი, კვერცხი, ყველი და სხვა).

4. ჯანსაღი საუზმე

ერთი შეხედვით შესაძლოა, ზოგი საკვები ჯანსაღად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში შაქრისა და ნახშირწყლების "საბადო" იყოს. ასეთია გრანოლები და ფანტელები, რომლებსაც დილაობით ბევრი ჩვენგანი მიირთმევს.

ისინი შეგიძლიათ კვერცხით ჩაანაცვლოთ, რომელიც მხოლოდ 1 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, თანაც მისი მომზადების მრავალი ხერხი არსებობს.

5. შაქრის შემცვლელების გამოყენება

ტკბილი ყავა, ჩაი ან სულაც თაფლი თუ გიყვართ, ესე იგი, ნახშირწყლებს ამ გზითაც იღებთ. თაფლი უფრო ბუნებრივი დამატკბობელია. თუმცა მისი 1 კოვზი 17 გრამი ნახშირწყლის ეკვივალენტურია.

ამ შემთხვევაში, გამოსავალი შაქრის შემცვლელებშია, როგორიცაა მცენარეული წარმოშობის სტევია, ერითრიტოლი და ქსილიტოლი.

ფოტო: pinimg

6. თეთრი ფქვილის ჩანაცვლება

თეთრი ფქვილი მრავალი საკონდიტრო ნაწარმისა და გამომცხვარი/შემწვარი პროდუქტის განუყოფელი ნაწილია, როგორიცაა მაფინები, პური და ორცხობილები. ის დამუშავებული მარცვლეულისგან მიიღება, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

მის ჩასანაცვლებლად მთლიანი მარცვლეულის, ქოქოსის ან ნუშის ფქვილი გამოგადგებათ.

7. უსახამებლო ბოსტნეულის მიღება

ბოსტნეულში ბევრი ბოჭკო, საკვები და ფიტოქიმიური ნივთიერებებია, რომელთა დიდი ნაწილიც ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს და დაავადებებისგან გვიცავს. ამის მიუხედავად, თუ ნახშირწყლების შემცირება გინდათ, უპირატესობა უსახამებლო ბოსტნეულს უნდა მიანიჭოთ. მათ შორისაა ბროკოლი, სტაფილო, პომიდორი, სატაცური და არტიშოკი. სასარგებლოა სოკოც.

8. ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღება

იმისათვის, რომ ნახშირწყლებს მიჩვეულმა ორგანიზმმა მათ გარეშეც დანაყრებულად იგრძნოს თავი, ცილოვანი საკვები უნდა მიიღოთ. ისინი შიმშილის გრძნობას სრულფასოვნად დაგიკმაყოფილებთ და ხშირად ჭამის სურვილსაც გაგიქრობთ.

ამ დროს, ბალანსის აღსადგენად შესაძლოა, ცხიმებზე მოთხოვნილებაც გაგეზარდოთ. ასეთ შემთხვევაში, ჯანსაღი ცხიმებია რეკომენდებული — თევზი, თხილი, ზეითუნის ზეთი, რძის ნაწარმი და ა.შ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.