ცოტა ხნის წინ მსახიობ მილი ბობი ბრაუნს 18 წელი შეუსრულდა. მილი ბავშვობიდან ეკრანზე ჩანს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა 12 წლის ასაკში ნეტფლიქსის სერიალ Stranger Things-ში ილევენის როლით მოიპოვა. სამწუხაროდ, ვარსკვლავის 18 წლის იუბილეს საზოგადოების ნაწილი უარყოფითი კომენტარებით შეხვდა, რომელთა მთავარი მიზანი მილის სექსუალიზება იყო.

მაგალითად, რედიტსა და სხვა ონლაინ ფორუმებზე ადამიანები ელოდნენ, თუ როდის შეუსრულდებოდა მილის 18 წელი, რათა მისი, როგორც უკვე სრულწლოვანის, სექსუალიზება მოეხდინათ — დაეპოსტათ ფოტოები, განეხილათ მისი სხეული და სხვ.

რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება მილის ფანების გარდა, არც თავად მსახიობს გამოჰპარვია. ამ თემაზე მილიმ The Guilty Feminist-ის პოდკასტში ისაუბრა.

მილის თქმით, ის ისეთივე წინააღმდეგობებსა და პრობლემებს უმკლავდება, როგორსაც ნებისმიერი 18 წლის ადამიანი. ურთიერთობებსა და საკუთარ თავში თანატოლების მსგავსად ცდილობს გარკვევას, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება საზოგადოების თვალწინ უწევს.

სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად, მილის თქმით, მისი სექსუალიზება კიდევ მეტ სადარდებელსა და პრობლემას უმატებს, თანაც იცის, რომ იმავეს სხვა გოგოებიც განიცდიან.

"ამ ყველაფერთან გამკლავება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც 18 წლის გავხდი, უფრო მეტად მიწევს. ვხედავ, რომ საზოგადოება, პრესა და სოციალური ქსელები ჩემს სრულწლოვანებას განსხვავებულად აღიქვამენ... საზიზღრობაა, რაც მსოფლიოში ხდება და როგორ ახდენენ ადამიანები ახალგაზრდა გოგოების სექსუალიზებას. მეც სექსუალიზების მსხვერპლი ვარ და ყოველთვის ვიყავი", — განაცხადა მილიმ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მილის აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი მოუწია. როგორც ჩანს, 16 წლის ასაკშიც მსგავსი არასასურველი კომენტარებისა და შეფასებების მოსმენა და მათი მოგერიება უხდებოდა:

"ბოლო რამდენიმე წელი მარტივი არ ყოფილა. იყო მომენტები, როცა მაბრაზებდა უზუსტობები, მიუღებელი კომენტარები, სექსუალიზება და არასაჭირო შეურაცხყოფა, რამაც უდიდესი ტკივილი მომაყენა და დამთრგუნა. მიუხედავად ამისა, არ დავმარცხდები. გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც მიყვარს და ამ პრობლემის შესახებ საუბარსაც, რათა სამყარო შევცვალო", — განაცხადა მილიმ 2 წლის წინ ინსტაგრამზე.