ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ვერ ადასტურებს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ჰქონდათ სარწმუნო ინფორმაცია რუსეთის მიერ არეულობის კონტროლის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობაზე.

"ჩვენ პირდაპირ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან, რომ გავარკვიოთ, რა მოხდა რეალურად", — თქვა ბლინკენმა.

11 აპრილს აზოვის ბატალიონმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გაურკვეველი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. მათი თქმით, ნივთიერება რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა. აზოვის ბატალიონის ცნობით, ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.

უკრაინსკა პრავდას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ მათ უთხრა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა ძალიან მაღალია.