პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კანონის მიხედვით კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ეთვლებათ.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ეთვლებათ.