ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესის გახსნისკენ მოუწოდებენ. საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ მისი თხოვნაა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და ხელისუფლებას მიმართავს, გააზიაროს ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან.

"გულწრფელად ვიზიარებ იმ სიხარულს, რაც დღეს თქვენ გაქვთ დაჩქარებულ განაცხადთან დაკავშირებით, კითხვარების გადმოცემასთან დაკავშირებით და მინდა, რომ ეს სიხარული გაცილებით უფრო წარმატებით დაგვირგვინდეს საბოლოო ჯამში, რადგან წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ერთი თვე და აქვე როგორც თქვენ მოგვიწოდებთ თანამშრომლობისკენ, ასევე გამოვხატავთ თანამშრომლობის მზადყოფნას და ჩემი თხოვნაა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ინკლუზიური და ჩემი თხოვნაა, რომ თქვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, გააზიაროთ ეს პასუხისმგებლობა, ასევე, ოპოზიციასთან", — ამბობს კორძაია.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ კითხვარის შევსება არაა ტექნიკური საკითხი, ეს ისტორიული მნიშვნელობის ამოცანაა, რომელმაც ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს.

"მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდო მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს, გახსენით ეს პროცესი. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა პასუხებს გაგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში.

თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი, გამჭვირვალე და არ მისცემთ საზოგადოებას მასში ჩართვის და კონსტრუქციული როლის შესრულების უფლებას, მერე ვერ მოითხოვთ კონსტრუქციულობას ვერავისგან, ამიტომ გახსენით ეს პროცესი და მიეცით, მათ შორის, პარლამენტს სრული შესაძლებლობა, განსაკუთრებით ოპოზიციის ჩართულობით, რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდეს ამ პროცესზე", — განაცხადა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი დღეს, 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.