კიევის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 50 წლის ქალი, ანა (სახელი ვინაობის დასაფარად შეიცვალა), სახლში იმყოფებოდა, როცა უცხო ჯარისკაცი მის ტერიტორიაზე შეიჭრა.

"იარაღი მომიშვირა და მიბრძანა: გაიხადე ტანსაცმელი, თორემ გესვრიო. მემუქრებოდა, რომ თუ მის ნათქვამს არ შევასრულებდი, მომკლავდა, შემდეგ კი გამაუპატიურა" — ჰყვება ანა.

ანამ თავდამსხმელი ასე აღწერა: ახალგაზრდა, გამხდარი, ჩეჩენი ჯარისკაცი.

"სანამ ის ჩემზე ძალადობდა, კიდევ ოთხი ჯარისკაცი შემოვიდა. მეგონა, მომკლავდნენ, მაგრამ ის წაიყვანეს და აღარც მინახავს", — თქვა მან. ის თვლის, რომ რუსი ჯარისკაცების ცალკეულმა ნაწილმა გადაარჩინა.

ამის შემდეგ ანა სახლში დაბრუნდა და ქმარი იპოვა: ის მუცელში იყო დაჭრილი.

"ჩემს საშველად მორბოდა, როცა ტყვია მოხვდა".

ორივემ მეზობლის სახლში შეაფარა თავი. ომის გამო ქმრის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს, ორი დღის შემდეგ კი მიყენებული ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა.

ფოტო: BBC

როცა ანა ამ ისტორიას BBC-ს უყვებოდა, ტირილი არ შეუწყვეტია. მან ქმრის დაკრძალვა საკუთარი სახლის ეზოში გადაწყვიტა: მაღალი ხის ჯვარი დგას საფლავის თავზე.

ჯარისკაცები, რომლებმაც ის გადაარჩინეს, მის სახლში რამდენიმე დღე დარჩნენ. ანა ამბობს, რომ იარაღის მუქარით ქმრის ნივთების მიცემას სთხოვდნენ.

"მათი წასვლის შემდეგ ნარკოტიკები და ვიაგრა ვიპოვე. ხშირად მთვრალები და არაფხიზლები იყვნენ. მათი უმეტესობა მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები არიან, მხოლოდ რამდენიმე მათგანია ნორმალური," — ამბობს ანა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ანას სახლის მახლობლად კიდევ ერთი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს. არსებობს ეჭვი, რომ ეს იმავე კაცმა გააკეთა.

ქალი 40 წელს გადაცილებული იყო. მეზობლების თქმით, ის თავისი სახლიდან გამოიყვანეს და იმ სახლში შეიყვანეს, რომლის მეპატრონეებიც ომის დაწყებისას გაიქცნენ. კოხტად მორთული ოთახი — ორნამენტიანი შპალერითა და საწოლი ოქროსფერი გადასაფარებლით — ახლა დანაშაულის შემზარავი ადგილია. ლეიბზე სისხლის დიდი ლაქებია.

კუთხეში სარკეა, რომელზეც პომადითაა დაწერილი, თუ სად დაკრძალეს მსხვერპლი.

მეზობლის თქმით, ეს წარწერა რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს.

ფოტო: BBC

ანდრიი ნებიტოვი, კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ ისინი კიევიდან 50 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ სოფელში სხვა შემთხვევასაც იძიებენ.

"9 მარტს რუსული არმიის რამდენიმე ჯარისკაცი სახლში შევიდა, სადაც ოცდაათ წლამდე წყვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდა. ქმარი ცოლ-შვილის დაცვას ცდილობდა და ეზოში მოკლეს", — განაცხადა ნებიტოვმა.

"ამის შემდეგ ორმა ჯარისკაცმა არაერთხელ გააუპატიურა ცოლი. მიდიოდნენ და მალევე ბრუნდებოდნენ. სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პატარა ბიჭს დაუშავებდნენ რამეს. ქალს შვილის დასაცავად წინააღმდეგობა არ გაუწევია."

ამის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა სახლი დაწვეს და ოჯახის ყველა ძაღლი დახოცეს.

ფოტო: BBC

ქალი შვილთან ერთად გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას მიმართა. პოლიციელი ნებიტოვი ამბობს, რომ მისი გუნდი შეხვდა მას და ჩვენებაც ჩაიწერეს.

მეზობლებმა ქმარი ბაღში დაკრძალეს. პოლიციამ მისი ცხედარი ექსპერტიზაზე წაიღო, რადგან აპირებენ, რომ საქმე საერთაშორისო სასამართლოში განიხილონ.

უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ისინი რამდენიმე ასეთ შემთხვევას ადასტურებენ.

"ბუჩაში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, ოკუპაციის დროს სისტემატურად აუპატიურებდნენ 14-დან 24 წლამდე ასაკის 25 გოგოსა და ქალს. მათგან ცხრა ორსულადაა", — ამბობს ომბუდსმენი. "რუსი ჯარისკაცები გოგოებს ეუბნებოდნენ, რომ იქამდე გააუპატიურებდნენ, სანამ სექსი არცერთ კაცთან აღარ მოუნდებოდათ, რათა უკრაინელი ბავშვები აღარ გააჩინონ".

ფოტო: BBC

ომბუდსმენის თქმით, ბევრი ზარი შემოდის დახმარების სათხოვნელად და მსგავს შემზარავ ფაქტებზე უყვებიან.

"25 წლის ქალმა დარეკა და გვითხრა, რომ მისი 16 წლის და ქუჩაში, მის თვალწინ გააუპატიურეს. რუსები ყვიროდნენ: "ყველა ნაცისტ მეძავს ასე დაგემართებათ".

დენისოვა ამბობს, რომ რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შეფასება ამჟამად შეუძლებელია, რადგან ყველას არ სურს ამ საზარელი ისტორიების გახსენება: "მათი უმრავლესობა ამჟამად ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვს, ამიტომ ჩვენ ამ ყველა დანაშაულს ვერ განვიხილავთ, სანამ ჩვენებას არ მოგვცემენ".

მისი თქმით, უკრაინას სურს, გაერომ სპეციალური ტრიბუნალი შექმნას, რომელიც ვლადიმერ პუტინს პირადად გაასამართლეს ომის დანაშაულების, მათ შორის გაუპატიურების ბრალდებებისთვის.

"მინდა ვკითხო პუტინს, რატომ ხდება ეს?", თქვა ანამ, ქალმა, რომელიც გააუპატიურეს. "არ მესმის, ჩვენ ხომ ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ, რატომ ვერ აწარმოებს მოლაპარაკებას? რატომ კლავს ამდენ ადამიანს?"