პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ალტ-ინფოს 9 და 11 აპრილის ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი განუცხადეს. მათი თქმით, ალტ-ინფო პრორუსული და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევა.

"ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხტავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", — აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ალტ-ინფო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე არ დაუშვეს. როგორც ალტ-ინფოს ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, მათ გარდა ბრიფინგზე ყველა შეუშვეს. ის პრესცენტრთან საუბარს ითხოვს.

ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია. ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორიც, სადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.