2022 წლის ოსკარებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია — მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოსს კრის როკს სახეში გაარტყა, რადგან როკმა სმიტის ცოლზე, ჯეიდას გადაპარსულ თავზე იხუმრა. იმავე დაჯილდოებაზე სმიტმა ოსკარი მიიღო. უილ სმიტის ქმედებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, საბოლოოდ კი ამერიკის კინოაკადემიამ მსახიობს ოსკარის ცერემონიაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილ ადამიანებს ოსკარზე დასწრება აეკრძალათ ან კინოაკადემიიდან გარიცხეს. წარმოგიდგენთ კიდევ 5 ვარსკვლავს, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიამ ბოიკოტი გამოუცხადა:

1. კარმინე კარიდი

ფოტო: Getty Images

The Godfather-ის მსახიობი კარმინე კარიდი პირველი ადამიანია, რომელსაც კინოაკადემიამ ოსკარებზე დასწრება აუკრძალა. კარმინე კარიდის ბრალი ექსკლუზიურად კინოაკადემიისთვის გაგზავნილი ნამუშევრების მოპარვაში ედება. მას შემდეგ, რაც 2004 წელს მის მიერ მოპარული ნამუშევრები ინტერნეტში გავრცელდა, კარმინე კარიდი კინოაკადემიიდან გარიცხეს.

2. ჰარვი ვაინშტაინი

ფოტო: Getty Images

ჰარვი ვაინშტაინის კინოაკადემიიდან გარიცხვის მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები გახდა. 80-ზე მეტმა ქალმა ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. დღეს ის ნიუ-იორკის ციხეში 23-წლიან სასჯელს იხდის.

3. ბილ კოსბი

სასამართლომ მსახიობი კალათბურთის ყოფილი მოთამაშის, ანდრე კონსტანდის ნარკოტიკული საშუალებებით დათრობასა და მასზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო. კინოაკადემიამ ბილ კოსბი მხოლოდ 1 თვის შემდეგ გარიცხა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს.

4. რომან პოლანსკი

1977 წელს რომან პოლანსკი საფრანგეთში გაიქცა, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთან სექსუალურ ურთიერთობაში დასდეს ბრალი. წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ უამრავი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა 2003 წელს ფილმ პიანისტისთვის ოსკარი მაინც მოიპოვა. ის ჯილდოებს მაინც იღებდა მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის ცერემონიებს ვერ ესწრებოდა, რადგან აშშ-ის პოლიციას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლანსკი აკადემიიდან ბილ კოსბისთან ერთად გარიცხეს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რომ აკადემიას გადაწყვეტილების მისაღებად ამდენი წელი დასჭირდა.

5. ადამ კიმელი

მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამ კიმელი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გამო ორჯერ დააკავეს, 2021 წელს ის კინოაკადემიიდან გარიცხეს.