დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი აცხადებს, რომ მუშაობენ იმის დასადასტურებლად, გამოიყენეს თუ არა რუსულმა ძალებმა ქიმიური იარაღი უკრაინაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმაც ისაუბრა.

"ამის გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი პრემიერმინისტრისა და სხვა მთავრობის მეთაურებისთვის მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია", — თქვა ჰეპმა.

გუშინ, 11 აპრილს აზოვის ბატალიონმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გაურკვეველი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. მათი თქმით, ნივთიერება რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა. აზოვის ბატალიონის ცნობით, ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.

უკრაინსკა პრავდას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ მათ უთხრა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა ძალიან მაღალია.