11 აპრილს მზის მიძინებულმა ლაქამ, სახელად AR2987, გამოიღვიძა. იქიდან მძლავრი ენერგია რადიაციის სახით გამოთავისუფლდა, რასაც მალევე კორონული მასის ამოფრქვევა მოჰყვა, ანუ ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის ნაკადი ამოიტყორცნა. SpaceWeather.com-ის ინფორმაციით, ის დედამიწისკენ მოემართება და დანიშნულების ადგილამდე, სავარაუდოდ, 14 აპრილს მოაღწევს.

მზის ლაქები მნათობის ფოტოსფეროში გაჩენილი მუქი რეგიონებია, რომლებიც კონვექციის შეფერხების გამო წარმოიქმნება და ზედაპირის დაბალი ტემპერატურა ახასიათებს. ეს ფენომენი დროებითია და საათების ან თვეების განმავლობაში არსებობს. თუმცა, ზოგჯერ, მაგნეტიზმი მათ ხელახლა გააქტიურებას განაპირობებს. სწორედ ასე მოხდა AR2987-ის შემთხვევაში.

ფოტო: SpaceWeather.com

C ტიპის ამოფრქვევა იქ მსოფლიო დროით 5:21 საათზე მოხდა. მსგავსი მოვლენები საკმაოდ ხშირია და დედამიწაზე პირდაპირ გავლენას იშვიათად ახდენს. ამის მიუხედავად, მისით პროვოცირებული კორონული მასის ამოფრქვევა გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ციალს ედება საფუძვლად, რადგან დამუხტული ნაწილაკები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს.

11 აპრილის ამოფრქვევამ შესაძლოა, G1 ტიპის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს, რომელიც სიმძლავრით არ გამოირჩევა და საშიშროებას არ გვიქმნის. მოსალოდნელია მხოლოდ ხელოვნური თანამგზავრების ფუნქციონირებისა და ელექტრული ქსელის უმნიშვნელო ხარვეზები, ასევე, პოლარული ნათება.

აღსანიშნავია, რომ მზე 2019 წელს აქტიურობის ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც პიკს 2025 წლისთვის მიაღწევს, შესაბამისად, ამ პერიოდში მრავალ ასეთ მოვლენას ვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.