ჯიმ კერის შემოქმედება მრავალ დასამახსოვრებელ ფილმსა და პერსონაჟს ითვლის, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული ეის ვენტურაა. მსახიობმა ახალი ფილმის, Sonic The Hedgehog 2-ის შესახებ საუბრისას ძველი როლებიც გაიხსენდა და აღნიშნა, რომ ძველ პერსონაჟებს აღარ დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, ჯიმ კერი მზადაა, ეის ვენტურასთვის გამონაკლისი დაუშვას, თუმცა ერთი პირობით.

ჯიმ კერის თქმით, როლის ხელახლა მორგებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მას რომელიმე ცნობილი და დიდებული რეჟისორი, მაგალითად, კრისტოფერ ნოლანი გადაიღებს:

"ძალიან ბევრი წელი გავიდა, ამიტომ ვინმე გენიოსი ადამიანი ან რეჟისორი უნდა გამოჩნდეს, განსხვავებული ხედვით. კრის ნოლანი რომ მოვიდეს და მითხრას, რომ ეის ვენტურას უფრო საინტერესოდ გადაღება უნდა, შესაძლოა მოვუსმინო", — განაცხადა მსახიობმა.

მსახიობის თქმით, ესეც გამონაკლისი შემთხვევა იქნებოდა, რადგან ძველი როლებიდან დიდი დროა გასული და ის ადამიანი აღარაა, რომელიც მაშინ იყო.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ეის ვენტურას მესამე ნაწილის გადაღების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც პირველი ორი ფილმის გადაღებაში ჩართულმა ადამიანებმაც დაადასტურეს. დამატებითი ინფორმაცია ფილმის გამოსვლის შესახებ აღარ გავრეცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ინტერვიუში ჯიმ კერიმ განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს:

"გააჩნია. თუ ანგელოზები ოქროს მელნით დაწერილ სცენარს მომიტანენ, რომელიც მეტყვის, რომ ამის ნახვა ხალხისთვის აუცილებელია, შესაძლოა, გზა გავაგრძელო, მაგრამ ახლა უნდა დავისვენო. ძალიან მომწონს ჩემი მშვიდი ცხოვრება და ძალიან მიყვარს ტილოზე საღებავით ხატვა...ეს შეიძლება სხვა ვარსკვლავებისგან ვერასდროს ვერ მოისმინოთ, მაგრამ მე საკმარისი მაქვს. საკმარისი გავაკეთე. თავადაც საკმარისი ვარ", — განაცხადა მსახიობმა.

ამავე თემაზე:

საკმარისი გავაკეთე — ჯიმ კერი სამსახიობო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს