ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ოტო ფონ ბისმარკმა, გერმანიის კანცლერმა თქვა, "საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ სულელი სწავლობს. მე სხვებისგან ვსწავლობო". რაც უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, დღეს რუსული არმია თავისი საბჭოთა წინამორბედის დაშვებულ შეცდომებს იმეორებს. 1945 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის მარშალმა, გიორგი ჟუკოვმა, სტალინისგან წამოსული დიდი წნეხის გამო, ბერლინში სატანკო ჯარები ქვეითი არმიის მხარდაჭერის გარეშე გაგზავნა.

ვლადიმერ პუტინის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ გაიმეორეს იგივე ტაქტიკური შეცდომა, არამედ მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გასანეიტრალებლად თავიანთი წინაპრებისაგან ტექნიკაც — ტანკის ჯავშნიან კოშკებზე ლითონის უცნაური ნაჭრების, მათ შორის საწოლის რკინის ჩარჩოების დამაგრება — ზედმიწევნით გადმოიღეს. ამან რუსული ტანკები ვერ იხსნა. დამაგრებულმა ლითონებმა კიდევ უფრო გაზარდა ტანკების მოცულობა და მათზე მონადირე უკრაინელი ჯგუფების ყურადღება მეტად მიიპყრო. ზუსტად ასე იქცნენ საბჭოთა ტანკები ბერლინში პანცერფაუსტების სამიზნე.

როგორც ჩანს, პუტინმა წარსული გამოცდილებიდან იმდენივე ისწავლა, რამდენიც დაავიწყდა.

რუსეთის პრეზიდენტის ისტორიით — განსაკუთრებით კი, გერმანიის წინააღმდეგ წარმოებული "დიდი სამამულო ომით" — გატაცებამ, მისი პოლიტიკური რიტორიკა გამაოგნებელი შიდა წინააღმდეგობებით აავსო. ამან კი აშკარა გავლენა მოახდინა მის სამხედრო ტაქტიკაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ტანკები ძლიერების სიმბოლო იყო. პუტინი კვლავაც ასე ფიქრობს, რაც რეალობას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ლიბიაში ბოლოდროინდელი კონფლიქტების დროს დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ფონზე ტანკების დაუცველობა გამოაშკარავდა. ამასთან, ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული მხარის შესაძლებლობა, ადვილად გაენადგურებინათ სომხური ტანკები, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის.

თუმცა, როგორც ჩანს, პუტინმა წარსული გამოცდილებიდან იმდენივე ისწავლა, რამდენიც დაავიწყდა. 1968 წლის აგვისტოში, ვარშავის პაქტის ძალებს ჩეხოსლოვაკიაში შესვლისას თავიანთმა პოლიტიკოსმა მეთაურებმა განუცხადეს, რომ მათ იქ ისე დახვდებოდნენ, როგორც გამათავისუფლებლებს. სანაცვლოდ, მათ წყევლით დახვდნენ და, საბოლოოდ, საწვავისა და საკვების გარეშე აღმოჩდნენ. ამან მათში ენთუზიაზმი ჩაახშო.

ფოტო: Sovfoto / Universal Images Group / Getty Images

მართალია, პუტინს მედიის კონტროლის შედეგად შეუძლია, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას დაუმალოს სიმართლე, თუმცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულები, რომლებიც ახლა იძულებულნი არიან, ახალ კონტრაქტებს მოაწერონ ხელი და მოხალისეებად იქცნენ, რეალობას ზუსტად აღიქვამენ.

პუტინის დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ ისეთივე უმოწყალოა, როგორც მტრის მიმართ. რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავისიანთა ცხედრებისგან გასათავისუფლებლად უკრაინაში მობილური კრემატორიუმიც კი ჩაიტანეს, რათა სახლში დაბრუნებისას თან ნაკლები დაღუპული ჯარისკაცის სხეულის წაღება დასჭირვებოდათ. პუტინის წინამორბედებიც მსგავსად უგულებელყოფდნენ თავიანთი სამხედროების გრძნობებს. 1945 წელს წითელ არმიაში არაერთი აჯანყება მოხდა. ჯარისკაცებს, რომლებსაც ოფიცრები და პოლიტიკური დანაყოფების წევრები ხშირად ადამიანებად არ აგდებდნენ, ღამით საბრძოლო ველზე გასვლას უბრძანებდნენ — არა გარდაცვლილი თანამებრძოლების ცხედრების წამოსაღებად, არამედ დაღუპულებისთვის უნიფორმების გასახდელად, რათა ისინი ჩამნაცვლებელ ჯარისკაცებს ხელახლა გამოეყენებინათ.

კიდევ ერთი წარსულის ტენდენცია, რომელსაც რუსული არმია უკრაინაში იმეორებს, მძიმე იარაღზე დაყრდნობაა. მეორე მსოფლიო ომში წითელი არმია თავისი, "ომის ღმერთად" წოდებული, არტილერიის სიძლიერით ამაყობდა. ბერლინის ოპერაციაში ჟუკოვის არტილერიამ 3 მილიონზე მეტი ჭურვი გაისროლა, რამაც ქალაქს იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე მოკავშირეთა სტრატეგიულმა საჰაერო შეტევამ. საბჭოელებმა ქალაქის დარჩენილი დამცველების გასანადგურებლად კატიუშას სარაკეტო დანადგარები გამოიყენეს, რომლებსაც გერმანელები გამაყრუებელი ხმის გამო "სტალინის არღანს" ეძახდნენ. მაშინ, როცა პუტინის რიგითი არტილერია უკრაინულ შენობებს სნაიპერთა პოტენციური პოზიციების გასანეიტრალებლად ძველებური ხერხით უტევს, თერმობარული იარაღი — დამანგრეველი ვაკუუმის ბომბები, რომელთა მიერ შექმნილი ცეცხლოვანი ბურთი სამიზნეებისგან ჟანგბადს შთანთქავს — ძველ კატიუშებს ანაცვლებს.

რუსეთის მიერ გროზნოსა და ალეპოს განადგურებამ ნათლად დაგვანახა, დასავლეთთან შედარებით რამდენად მცირედით განვითარდა მათი ურბანული კონფლიქტის დოქტრინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათზე მეტად მიზანმიმართული მიდგომის მქონე აღმოჩნდა საერთაშორისო კოალიცია, რომელმაც რაკა და მოსული ისლამური სახელმწიფოსაგან დაიბრუნა: მათ ჯერ თითოეული ქალაქი ჩაკეტეს და შემდეგ სექტორების მიხედვით გაწმინდეს.

ცხადია, რომ არც პუტინის არმიაა წითელი არმიის მსგავსი და არც პუტინის რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი. მთავრობაში სისტემურმა კორუფციამ გავლენა მოახდინა ყველაფერზე — მაგალითად, ოფიცრები სათადარიგო ნაწილებს პირადი სარგებლისთვის ყიდდნენ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას პრესტიჟული პროექტების სასარგებლოდ უგულებელყოფდნენ. მაშინ, როცა უკრაინელი მცველები ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებენ ცივი ომის დროინდელ რუსულ T-72 ტანკებს, რუსეთის პრიორიტეტი შემდეგი თაობის მაღალტექნოლოგიური Armata ტანკების შესაქმნელად საკმარისი თანხების მობილიზება რჩება. Armata-ს ნამდვილად შეუძლია იმაზე ოდნავ მეტის გაკეთება, ვიდრე 9 მაისს, გამარჯვების დღის აღლუმისათვის წითელ მოედანზე შეკრებილ ხალხსა და უცხოურ მედიაზე შთაბეჭდილების მოხდენაა. თუმცა ბრძოლის ველზე მას ისეთივე ბედი ელის, როგორიც — T-72-ებს.

რუსულ ჯარში ჯერ კიდევ არსებობს ელიტური ქვედანაყოფები, დესანტები და სპეცრაზმები, მაგრამ მათ, საყოველთაო ქაოსის და ცუდი მართვისა და კონტროლის ფონზე, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ის წინდაუხედაობა, რომლითაც რუსეთის არმიამ დაშიფრული საკომუნიკაციო სისტემა დანერგა, გაცილებით ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ასეთი შეცდომები მკაცრად ისჯებოდა. უსაფრთხოების მიზნით ისინი საკომუნიკაციოდ 3G ანძებს იყენებენ, რომლებიც უკრაინაში შეჭრისას თავად რუსეთმა გაანადგურა. და რადგან ეს სისტემა უბრალოდ აღარ მუშაობს, რუს ოფიცრებს მობილური ტელეფონების ღია ზარებით უწევთ კომუნიკაცია, რომელსაც უკრაინელი მოხალისეები უპრობლემოდ უგდებენ ყურს.

2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. მაგრამ, ამასთან, ამან რუსული ჯარების არაკომპეტენტურობა და სისუსტეც გამოავლინა. ამ ფაქტმა პუტინის შეიარაღებული ძალების ხელახალი აღჭურვისა და რეფორმების გეგმების შემუშავება განაპირობა. აშკარაა, რომ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს კი ბევრს ამბობს მის რეჟიმში იდეალიზმის, კეთილსინდისიერებისა და მოვალეობის გრძნობის ნაკლებობაზე. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა უკრაინაში შეჭრის ასეთ გვიან და გადამწყვეტ ეტაპზე.

1942 წლის ბოლოს სტალინგრადში ვითარების უეცარი შემობრუნებით თავად წითელი არმიაც გაკვირვებული დარჩა და მსოფლიოც გაოცდა. არსებობს ნიშნები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პუტინის ძალები თავიანთი ტაქტიკის განვითარებულ მოვლენებზე მორგებას ცდილობენ. პუტინის ლამის სტალინისეულმა მიზანდასახულობამ, გამოასწოროს რუსული ჯარის ნაკლები — რასაც ზურგი დეზერტირებისა და წარუმატებელი ოფიცრების სიკვდილით დასჯამ შეიძლება გაუმაგროს — შესაძლოა, გაახანგრძლივოს კონფლიქტი და მეტად დაუნდობელი და გამანადგურებელი გახადოს ის.

მიუხედავად ომამდე არსებული სულ სხვა მოლოდინებისა, დღეს რუსეთის სამხედრო კოლაფსი შესაძლებელი ჩანს. რუს სამხედროებში მორალის კლებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამამცირებელი უკან დახევა. ეს კი იქნება შედეგი იმისა, რომ პუტინი ვერ ახერხებს საბჭოთა წარსულთან დამშვიდობებას.