კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

"ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინა არაერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა, საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. კოალიციის შეფასებით, მაღლაფერიძის არჩევა მაუწყებლის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო", — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში, მიიღონ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებელი შინაარსის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.

ქართული ოცნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძეს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში პარლამენტმა სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ერთი უმრავლესობის კვოტით, მეორე უმცირესობის, მესამეს კი ომბუდსმენი ასახლებს.