გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრები პროექტ Lunar Codex-ისთვის შეარჩიეს, რომლის მიზანია, მთვარეზე მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები გაიგზავნოს.ამის შესახებ ინფორმაციას გორის ქალთა კამერული გუნდის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზეა! NASA-ს, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის ქალთა გუნდი", — ნათქვამია ფეისბუქის გვერდის განცხადებაში.

ნაწარმოებებთან ერთად პროექტში გუნდის შესახებ ისტორიაც გაიგზავნა, ხოლო გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრების მოსმენა მთვარეზე 2024 წელს იქნება შესაძლებელი.

"სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები ეგზერსისი და ლაშარის გზაზე ეკუთვნის ჩვენ გენიოს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა ვარადო.ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს", — ვკითხულობთ გორის ქალთა კამერული გუნდის განცხადებაში.