უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ. მან განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს მიმართა და ამ შემთხვევების აღრიცხვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დანაშაულზე დამნაშავეებმა მკაცრი პასუხი უნდა აგონ.

დენისოვა რამდენიმე შემთხვევას აღწერს, რომელიც იმ ქალაქებში მოხდა, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული.

"14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულად არის — ბუჩა. 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს — დედა სკამზე მიაბეს, რათა ეყურებინა — ბუჩა. 20 წლის ქალს 3 ოკუპანტი ერთდროულად აუპატიურებდა — ირპენი.

არ არსებობს დედამიწაზე, არც ჯოჯოხეთში არც ერთი ადგილი, სადაც რაშისტი დამნაშავეები შეძლებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას.", — წერს ის.

უკრაინაში ოკუპანტების მიერ ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევებზე აქამდეც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია.