კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათგან 5 ბავშვია. ამის შესახებ CNN დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.

ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის განცხადებით, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"ამ დროისთვის საავადმყოფოებში 98 ადამიანია გადაყვანილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა დაზარალებულები სამედიცინო დახმარებას ერთი-ორი დღის განმავლობაში მიმართავენ, ამიტომ დაზარალებულთა რაოდენობა მუდმივად შეიცვლება. 98 დაჭრილიდან, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, 16 ბავშვია, 46 ქალი და 36 კაცი", — ამბობს ოლქის ხელმძღვანელი.

უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

რუსეთი რკინიგზის სადგურზე თავდასხმას უარყოფს და ამასაც უკრაინას აბრალებს. დაბომბვიდან მალევე ეს პროპაგანდისტული მესიჯები გავრცელდა კრემლის მედიების, TASS-ისა და RIA-ს ტელეგრამებზე.

ამავე თემაზე: