"მგონი, ავად არის შალვა", — ასე პასუხობს ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მათ "არსად ჩასვლის პრობლემა არ აქვთ", თუმცა დასძენს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხს თავადვე უპასუხებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ სანამ უკრაინა "მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებაზე" განმარტებას არ გააკეთებს, ან ბოდიშს არ მოიხდიან, ამ საკითხზე საუბარი არ უნდა იყოს.

დღეს, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები.

On.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოწვევა ჯერ არ მისულა.