არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების რეპრესიების მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს. ასე ეხმაურებიან ისინი უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 16 ადამიანის ჯამში 34 ათასი ლარით დაჯარებას.

მათი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ამით აქტივისტების უფლებები ირღვევა, ასევე, იზღუდება მშვიდობიანი გამოხატვის უფლებაც. საუბრობენ, საქმეში გამოვლენილ დარღვევებზეც. კერძოდ, მათი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების გარეშე თვითნებურად დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. მათ არ განუმარტეს უფლებები, არ აცნობეს დაკავების საფუძველი.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიული იყო. უკანონოდ იყო გამოყენებული დაკავების მაქსიმალური ვადა. ამას გარდა, სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი სამართლიანი სასამართლოს მინიმალური სტანდარტები. ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მტკიცებულებები ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად საკმარისი არ იყო.

"სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ წარმოდგენილი სამართალდარღვევები სახდელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას, ან ჯარიმას, რომლის ოდენობაც რამდენჯერმე აღემატება საქართველოში საშუალო ყოველთვიურ ხელფასს. სანქციის სიმკაცრე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქმეში საკმარისი მტკიცებულებებისა და დასაბუთების არსებობას", — აღნიშნავენ ისინი.

NGO-ები განმარტავენ, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა ხელისუფლების სურვილზე მიუთითებს, რომ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და ფინანსური ზიანის მიყენებით პროტესტის მოტივაცია შეარყიოს.

აქტივისტების დასახმარებლად მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ:

  • TBC: #GE27TB7589236070100003;
  • BOG: #GE44BG0000000162241054.

სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმები 6 აპრილს ჯარიმები დაეკისრათ. 3 800 ლარი დაეკისრა ზუკა ბერძენიშვილს, 2 800 ლარი გიორგი მჟავანაძეს, გური გოლიაძეს და ნოდარ რუხაძეს. 2 600 ლარით დააჯარიმეს ალექსანდრე სამხარაძე, 1 000 ლარით კი გიგა მაქარაშვილი.

25 მარტს აქციაზე დაკავებული კიდევ 4 აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, თათია მელიქიშვილი, გვანცა პერტია და ლიკა ლომიძე დააჯარიმეს — 3 მათგანი 2 200 ლარით, ერთი კი 2 000 ლარით. იმავე აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ბაჩი ვალიშვილი 11 მარტს სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.

7 მარტს კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი ტუალეტის ქაღალდის სროლისა და ფქვილის შეყრის გამო დააკავეს. 8 მარტს დააკავეს მოძრაობა სირცხვილიას წევრი, შოთა დიღმელაშვილიც, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციას კვერცხები ესროლა. დიღმელაშვილს სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.