უკრაინის მხარდამჭერი პოსტები, დროშები და ჩარჩოები პროფილის ფოტოებზე, ლურჯი და ყვითელი გულები, რუსეთის ხშირი და საფუძვლიანი კრიტიკა — თუ ამ სტატიით დაინტერესდით, ე.ი. თქვენი ნიუსფიდი ასე გამოიყურება. შესაბამისად, გიკვირთ, რომ "ბაბლის" გარეთ, ქართული ინტერნეტის ბნელ მხარეს, არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ პრორუსულ დეზინფორმაციას უკრაინის ომზე. თუმცა, ასეა — ტროლები და პროსახელისუფლებო ფეიქბუგვერდები თავს ესხმიან პრეზიდენტ ზელენსკის და სამხედროების დისკრედიტაციას ცდილობენ.

განსაკუთრებით პოპულარულია ნარატივი — ზელენსკის და ნაცებს საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ? სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ტროლების მიდგომაა, რადგან მმართველი გუნდის ლიდერები, რამდენიმე კვირაა მსგავსი შინაარსის ფრაზებს არა შეფარულად, არამედ საჯარო განცხადებებში ამბობენ.

ცნობილ პროსახელისუფლებო და პრორუსულ აქტორეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზელენსკის წინააღმდეგ რიტორიკა ძირითადად მსგავსია. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც უფრო მრავალფეროვანი ფანტაზია აღმოაჩნდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა ჭორი და ტყუილი მოიფიქრა. ამ სტატიაში სწორედ მათ განვიხილავთ.

"ნაცი ზელენსკი"

ამ ფოტოებში მმართველი გუნდის მხარდამჭერ და ანტილიბერალურ გვერდებს ხედავთ, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინას აბრალებენ "ომში ჩათრევის მცდელობას", არამედ ქართული ოცნების მსგავსად ამ ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებენ.

ამ გვერდების პროსახელისუფლებო რიტორიკაზე On.ge-მ მკითხველს არაერთხელ უამბო. ისინი სწორედ მაშინ აქტიურდებიან, როცა მთავრობას კრიზისული სიტუაცია აქვს და სხვადასხვა გზით ცდილობენ გაავრცელონ ის მოსაზრებები, რაც მმართველი გუნდისთვის მომგებიანია.

მაგალითად, ამჯერად ავრცელებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინამ გამოუშვა "მეორე ფრონტის გასახსნელად".

მას შემდეგ, რაც უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებმა ერთმანეთისადმი კრიტიკა არ დაიშურეს, ქართული ოცნების არსენალში გაიღვიძა მიძინებულმა არგუმენტმა: "ზელენსკიმ მთავრობაში ქართველი კრიმინალები დაასაქმა".

რაც გვესმოდა მმართველი გუნდის დეპუტატებისგან, ცნობილი პროსახელისუფლებო ტროლის, მიხეილ უკრაინოლოგის პოსტებშიც მეორდებოდა.

ტროლები დიდ ყურადღებას უთმობენ დავით არახამიასა და ოლექსი გონჩარენკოს კრიტიკასაც. შეგახსენებთ, რომ არახამია მმართველი გუნდის წევრებმაც არაერთხელ ამოიღეს მიზანში.

მსგავსი პოსტები ხელს უწყობს ისეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ან გაძლიერებას, რაც მმართველ გუნდის ინტერესებში შედის.

"ქართველთმოძულე ზელენსკი"

თუმცა ქართველი ტროლები მხოლოდ ზელენსკის ნაცობას არ დასჯერდნენ და მისი დისკრედიტაცია სხვადასხვა მოგონილი ამბით, თუ მანიპულაციით სცადეს. ისევ და ისევ მმართველი გუნდის რიტორიკის შესაბამისად, ზელენსკის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ელჩი მხოლოდ საქართველოდან გაიწვია და არა მოლდოვიდან, ან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს არ უერთდებიან.

მსგავსი რიტორიკის განვითარებისას ტროლები და რეალური აქტორებიც ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს.

აქტუალური გახდა ზელენსკის სამსახიობო და კომიკოსის კარიერაც. ამ ფორმით მისი გაკრიტიკების მცდელობები უკვე ცნობილია, როგორც რუსული და ისე ქართული ტროლგვერდებისთვის, თუმცა ამჯერად ზელენსკის ერთ-ერთ სკეჩს იმის დემონსტრაციისთვის იყენებენ, თითქოს მას სძულს საქართველო. სკეჩის შინაარსი შემდეგია: ჯორჯ ბუში აკრიტიკებს უკრაინისა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტებს, რომლებიც სუსტ და უპასუხისმგებლო მმართველებად არიან წარმოჩენილნი.

"ფაშისტი ზელენსკი"

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა, რომ ზელენსკი ფაშისტად და ნეონაცისტად წარმოეჩინა. დღემდე რუსები იმის მტკიცებას ცდილობენ, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით რეალურად უკრაინელებს ნაცისტებისგან იცავენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ნარატივი ზელენსკის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიყენეს.

მითების დეტექტორის ინფორმაციით, 23 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Fantina Georgian-მა ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, პოსტის ავტორის აღწერის მიხედვით, ომის უკან ებრაელები დგანან და მათი მიზანი უკრაინის ახალ "ზეციურ იერუსალიმად" ქცევაა. მათივე თქმით, ეს შეთქმულების თეორია პრორუს უკრაინელ პოლიტიკოსს იგორ ბერკუტს ეკუთვნის.

Fantina Georgian-ის პოსტში გამოყენებული ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, სადაც მას სვასტიკის გამოსახულების მქონე მაისური უჭირავს წარწერით "ზელენსკი", გაყალბებულია. ორიგინალი ვერსიის ნახვა ზელენსკის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ — მასზე სვასტიკის ნაცვლად ნომერი 95-ია გამოსახული.

"ლგბტ აქტივისტი ზელენსკი"

ანტილიბერალური გვერდები ტრადიციულ ნარატივს ატარებენ და უკრაინის პრეზიდენტს ჰომოფობიური მოტივით ლანძღავენ. ეს "კრიტიკა" აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, როცა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა იძაბებოდა — მაშინ ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი გვერდები აღშფოთებული წერდნენ იმაზე, რომ ზელენსკი ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და ლგბტ აქტივისტები ახერხებენ უსაფრთხოდ ჩაატარონ მარში.

"მასონი ზელენსკი"

On.ge-ის მკითხველმა იცის, რომ გაპრეზიდენტებამდე ზელენსკიმ გუნდთან ერთად გადაიღო სერიალი "ხალხის მსახური", რომელშიც პრეზიდენტის როლს ასრულებს. ამ სერიალის კადრები ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გამოიყენეს, როგორც ზელენსკის მხარდასაჭერად, ასევე, მის წინააღმდეგ.

მითების დეტექტორი წერს, რომ 25 მარტს ფეისბუქგვერდმა Davit Tordia – დავით თორდია სერიალის ფრაგმენტი გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, თითქოს ის მასონების გადაღებულია და ნაჩვენებია, როგორ დანაწევრებულად წარმოუდგენიათ მომავალი უკრაინა.

"სერიალის ხალხის მსახური ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ხოლო მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომი წინასწარაა დაგეგმილი და ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში მსოფლიოს ხელახლა გადანაწილება მიმდინარეობს, შეთქმულების თეორიაა", — წერს გამოცემა.

ვისაც სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ ზელენსკის პერსონაჟი, პრეზიდენტი ვასილი გოლობოროდკა ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ შიდა დაპირისპირებების გამო უკრაინა 28 სახელმწიფოდ დაიშალა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ისევ გააერთიანოს.

დავით თორდიას მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციები მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა და მათი ნახვა აქ შეგიძლიათ.

"ცუდი" უკრაინელები და ქართველები "კარგი" რუსების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჯარისკაცების სისასტიკეს მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს და ამ ომში დამნაშავის გარჩევა ძალიან მარტივია, პრორუსული გვერდები მაინც ცდილობენ, კრემლის ნარატივის შესაბამისად, დამნაშავეებად უკრაინელები წარმოაჩინონ.

FactChek-მა გამოავლინა სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს "ქართველი დაქირავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით ნაცისტების მხარეს იბრძვიან".

"მტკიცება რომ უკრაინა "ნაცისტებისგან" იმართება, კრემლის ყალბი არგუმენტია, რის საფუძველზეც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს", — განმარტავს FactChek.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამავე პირმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელები დონბასში გენოციდს აწყობენ. მსგავს ტყუილებს წერდა რუსული პროპაგანდისტული მედია RIA.

კიდევ ერთი ანტილიბერალური და პრორუსული გვერდი კარდჰუ ომის დაწყებიდან უკრაინას აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა მარტში მისი რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა.

ახლა გვერდი იმის მტკიცებას ცდილობს, რომ უკრაინელი და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულებს ჩადიან და თან იმას ამბობს, თითქოს რუსებზე გავრცელებული ყველა ამბავი სიცრუეა და ისინი ბავშვებს არ ერჩიან. ამის უარყოფის ყველაზე მარტივი გზა თვალების გახელა და სანდო წყაროების კითხვაა, სადაც რუსეთის სისასტიკის არაერთი ფაქტია აღწერილი.

გარდა ამისა, FactChek-ის ინფორმაციით, პრორუსულმა გამოცემამ, ნიუსფრონტმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის ჯარების მოქმედებაზე გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი, დუგლას მაკგრეგორი ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ჯარები ქალაქებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.

"რეალურად, ქალაქს რუსი ოკუპანტები აქცევდნენ ბლოკადაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავდნენ და ქალაქში საკვების შეტანას ხელს უშლიდნენ. აღნიშნული ყალბი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მედიის უმეტესობამ, ასევე ნაკლებად ცნობილმა ონლაინ სააგენტოებმაც გაავრცელეს: sm.news, Channel One, Arguments of the Week, Vzglyad, Moscow Komsomolets, TASS", — წერს გამოცემა.

მსგავსი სტატია გავრცელდა არაერთ პრორუსულ გვერდზე, მათ შორის ანტილიბერალურ დოქტრინაზე, თუმცა ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამის წყალობით, სოციალური ქსელების მოხმარებლები მარტივად გაიგებენ, რომ დეზინფრომაციაა.

მითების დეტექტორი წერს, რომ კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიასაც უარყოფდნენ. მსგავსი მავნებლური ნარატივი რუსული წყაროების გარდა არსად გავრცელებულა.

გამოცემა განმარტავს, რომ 3 აპრილს რუსეთის სახელმწიფო პირველი არხის გვერდზე გამოქვეყნდა პროპაგანდისტული სიუჟეტი. წამყვანის მტკიცებით, ბუჩაში ერთი "თითქოს მკვდარი" ადამიანი ხელს ამოძრავებს, მეორე კი ფეხზე დგება. მათივე თქმით, იდენტური კადრები ქართველმა ფეისბუქ-პროფილებმა, ლელა პრაგამ, გიორგი დავითაძემ, ქარო სანმა, წიქარა კოლხმა და Doctors Charlz-მაც გამოაქვეყნეს.

"მტკიცება, თითქოს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული მოქალაქეების კადრები დადგმულია, დეზინფორმაციაა. კადრებში კარგად ჩანს, რომ გვამი ხელს არ ამოძრავებს და ეს "მოძრაობა" რეალურად ავტომობილის საქარე მინაზე ლაქაა, მეორე მოკლული კი ფეხზე არ დგება, არამედ მისი ანარეკლი ავტომობილის მოძრაობასთან ერთად მოძრაობს", — წერს გამოცემა.

ბუჩაში რუსების სისასტიკე და ხოცვა-ჟლეტვა დასტურდება მსოფლიო მედიის ჟურნალისტების გადაღებული არაერთი ფოტო-ვიდეო რეპორტაჟით. გარდა ამისა, გავრცელდა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ცხედრები ქუჩებში კვირების განმავლობაში იყო.

ისევ ჩვენი "უვარგისი ოპოზიცია"

ტროლგვერდების თავდასხმა და დისკრედიტაციის ტალღა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის კარგად ცნობილია. როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში, ახლაც ისინი ტალღას ვერ აცდნენ. ზევითგანხილული ნარატივის შესაბამისად ტროლები მათი "ომის წამოწყების სურვილზე" აპელირებენ.

ხოლო აქტივისტებს, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად აქცია-პერფორმანსი ჩაატარეს და ბუჩაში დახოცილი ხალხი განასახიერეს ნაციონალურ მოძრაობასთან სრულიად უარგუმენტოდ აკავშირებენ. იდენტური პოტები სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა მოტივით გავრცელდა. მაგალითად, ერთ შემთხვევაში სანაძღავად "საკმარისი" მიზეზი ლიბერალობა აღმოჩნდა.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვერ გადაურჩა ტროლებს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. მასზე არაერთი ფეიკი გაუვრცელებიათ, ახლა კი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ პოლონეთში ლტოლვილების დასახმარებლად ჩასული აქტივისტი მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს.


სამწუხაროდ, მსგავს პოსტების სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მათგანს ასეულობით შეარი აქვს — ნაწილი ტროლების, ნაწილი კი მოქალაქეების, რომლებიც დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ.

უკრაინა ამ დრომდე დამაჯერებლად იგებს საინფორმაციო ომს და ისტორიაში პირველად უძლეველი რუსული პროპაგანდა მარცხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველო ისევ არ იქცეს პლატფორმად, რომელსაც რუსეთი ჰიბრიდული ომისთვის გამოიყენებს.