რუსული კრიტიკული მედიის, ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მატარებელში უცნობი პირები თავს დაესხნენ. მურატოვი ამბობს, რომ მათ მატარებლის კუპეში შეასხეს აცეტონი და ზეთის საღებავი, შემდეგ კი დაიყვირეს, რომ "ამას მათი ბიჭებისთვის აკეთებენ".

"კუპეში ზეთის საღებავი და აცეტონი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარამდე. მთელს ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩემით ჩამოვიბანო. მან დაიყვირა: "მურატოვ, ეს ჩვენი ბიჭებისთვის' ', — აცხადებს მთავარი რედაქტორი.

28 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნოვაია გაზეტა როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების შემდეგ "უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის" დასრულებამდე მუშაობას წყვეტს.

დიმიტრი მურატოვმა გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აპირებდა თავისი ნობელის პრემიის მედლის აუქციონზე გაყიდვას და მიღებული თანხის გადარიცხვას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებელ ფონდში.