თუ ფინანსური პროდუქტებით სარგებლობას აპირებ, რამდენიმე ოქროს წესი უნდა იცოდე — სწორად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, ყოველთვის წაიკითხო ხელშეკრულება დეტალურად და ზუსტად გამოთვალო საპროცენტო განაკვეთები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშნველოვანია იმისათვის, რომ "მოულოდნელად" არ აღმოჩნდე გაურკვევლობაში მას შემდეგ, რაც სესხს აიღებ ან ანაბარს გახსნი.

იმის გასაგებად, თუ რას ვიხდით ამა თუ იმ საბანკო პროდუქტში ან პირიქით, რა სარგებელს ვიღებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა სახის ონლაინ კალკულატორი შექმნა. ჩვენ სწორედ ამ კალკულატორებზე გიამბობთ და გეტყვით, როგორ შეგვიძლია გამოვთვალოთ ჩვენი ფინანსური ხარჯები ბანკში მისვლის გარეშე.

1. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი

მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აჩვენებს ყველა ხარჯს, რაც სესხის აღებასთანაა დაკავშირებული. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა გვეხმარება, განვსაზღვროთ, ზუსტად რა თანხას ვაბრუნებთ, როცა სესხს ვფარავთ. ის მოიცავს სესხის დამუშავების, გაცემის და მომსახურების საკომისიოს. ამასთან, ითვალისწინებს იმ დროს, რაც სესხის ხარჯების გაწევას სჭირდება. ასე რომ, როცა ვიღებთ სესხს ან ვადარებთ ალტერნატიულ შემოთავაზებებს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

2. გალარების კალკულატორი

ფოტო: Marcin Krupiński / Dribbble

თუ გაინტერესებს, რა თანხის გადახდა მოგიწევს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ლარში გადმოტანის შემთხვევაში, მაშინ ეროვნული ბანკის გალარების კალკულატორი უნდა გამოიყენო.

კალკულატორი მიმდინარე დღის კონვერტაციის კურსს აჩვენებს და რაც მთავარია, გაძლევს რისკის დათვლის საშუალებას. სავალუტო რისკის ფასი არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი გასწევდა სავალუტო რისკის დაზღვევისთვის.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

3. სესხის მოცულობა

ეს კალკულატორი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგება, როცა რაიმე მიზნით სესხის აღება გსურს, მაგრამ არ იცი, შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა მოცულობის თანხას გასესხებს ესა თუ ის ფინანსური ინსტიტუტი. კალკულატორში მიუთითებ სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს, სესხის დაფარვის ვადას, გადახდის პერიოდულობასა და თითოეული ამ პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის მოცულობას.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

4. იპოთეკური სესხის კალკულატორი

ფოტო: Sophia Pozzi / dribbble

თუ იცი იპოთეკური სესხის თანხა, ვადა, საპროცენტო განაკვეთი, სესხის დასაფარად გაკეთებული შენატანების პერიოდულობა და მოცულობა, მაშინ არ გაგიჭირდება, წინასწარ გაიგო, რამდენის გადახდა მოგიწევს იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

5. საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი მოულოდნელი ხარჯებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ისიც აუცილებელია ვიცოდეთ, რა გვიჯდება ამ პროდუქტით სარგებლობა. ამის დასათვლელად შეიქმნა კალკულატორი, რომელიც გვეხმარება, შევადაროთ ათვისებულ ლიმიტზე გადასახდელი პროცენტის მოცულობები და დაფარვის ვადები.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

6. ვიქირაო თუ ვიყიდო სესხით?

ფოტო: Alex Kunchevsky / Dribbble

თუ დილემის წინაშე ხარ და გაინტერესებს, რომელი უფრო მომგებიანია — ნივთის ან უძრავი ქონების დაქირავება თუ ყიდვა, მაშინ ეს კალკულატორი შენთვის შეიქმნა.

იგი დაგიანგარიშებს და ერთმანეთს შეადარებს სესხსა და ქირაზე ჯამურად გადასახდელ თანხებს, მეტიც, იგი იმ დროსაც კი აჩვენებს, როცა ეს ორი თანხა ერთმანეთის ტოლი ხდება.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

7. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისთვის ეროვნულმა ბანკმა ორი კალკულატორი შექმნა, რომლებიც ითვალისწინებს დეპოზიტის ვადას, საპროცენტო განაკვეთს, დეპოზიტის გახსნის ხარჯებს და სხვა დეტალებს.

ეს ორი კალკულატორი რთული ან მარტივი დარიცხვის მეთოდით განსხვავდება ერთმანეთისგან. რთული დარიცხვის მეთოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია კაპიტალიზაციის, იგივე პროცენტის ჩარიცხვის პერიოდულობა, მარტივის შემთხვევაში კი — სარგებლის გატანის პერიოდულობა.

მარტივი დარიცხვის მეთოდის კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

რთული დარიცხვის მეთოდის კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

8. თანხის დაზოგვა მიზნისთვის

ფოტო: Mikayel Ayvazyan / Dribbble

გაინტერესებს, რამდენი უნდა დაზოგო ყოველთვიურად, რომ შენს მიზანს მიაღწიო? მაშინ თანხის დაზოგვის კალკულატორი გჭირდება. კალკულატორს რამდენიმე მონაცემი სჭირდება იმისათვის, რომ ანაბარზე ყოველთვიური დანაზოგის მოცულობა განსაზღვროს. ესენია: ანაბრის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, პროცენტის დარიცხვის მეთოდი და სხვა.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

9. რა თანხას დავზოგავ?

და თუ ისიც გინდა, იცოდე, რა თანხას შეაგროვებ ყოველთვიური ფიქსირებული დანაზოგითა და ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლით, მაშინ ეს კალკულატორი უნდა გამოიყენო. კალკულატორს სჭირდება ინფორმაცია ანაბრის ვადაზე, საპროცენტო განაკვეთზე, ყოველთვიურად დასაზოგი თანხის მოცულობაზე, პროცენტის დარიცხვის მეთოდზე და ა.შ.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

10. ბიუჯეტის კალკულატორი

ფოტო: Fenny Apriliani / Dribbble

ეს კალკულატორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსები გონივრულად განკარგო და ყოველთვის იცოდე საკუთარი შესაძლებლობები. კალკულატორში შეგყავს ინფორმაცია შემოსავლებზე, დანაზოგსა და ხარჯებზე, მიუთითებ შესაბამის პერიოდს და იღებ ინფორმაციას ბიუჯეტის სტრუქტურაზე.

კალკულატორით სარგებლობისთვის ეწვიე ამ ბმულს

ბონუსი: ფასიანი ქაღალდების კალკულატორები

და ბოლოს, თუ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობ, მაშინ პლატფორმა ფინედუს შენთვის კიდევ 17 კალკულატორი აქვს შექმნილი. ეს კალკულატორები სხვადასხვა კატეგორიაში ერთიანდება და დაგითვლის ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა მიმდინარე და მომავალი ღირებულება, სარგებლიანობა, პერიოდულობა და სხვა.

კალკულატორებით სარგებლობისათვის ეწვიე ამ ბმულს

რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებსაიტზე და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე კიდევ არაერთ კალკულატორს შეხვდები. თითოეული მათგანი შენი ფინანსური სტატუსის, შესაძლებლობებისა და რისკების განსაზღვრაში დაგეხმარება. გაითვალისწინე, რომ კალკულატორების გათვლები მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და ის შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფინანსური ორგანიზაციის გათვლებისგან.