ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად, ერთხმად მიიღო უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი. როგორც Politico წერს, ეს აქტი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული და ახლა, მისი კანონად ქცევის შემთხვევაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება ექნება, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად და სწრაფად მიაწოდოს.

"პრეზიდენტს შეუძლია, უფლება მისცეს შეერთებული შტატების მთავრობას, ასესხოს ან იჯარით გასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებს, ვისზეც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა გავლენას ახდენს. გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები და დაიცვას მათი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის შეიარაღებული ძალების პოტენციური შემოჭრისგან ან მიმდინარე აგრესიისგან", — წერია აქტში.

ახლა კანონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, რის შემდეგაც დოკუმენტს პრეზიდენტი დაამტკიცებს.

აქტის მიღების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სენატს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით ელიან, რომ ამ აქტს კანონის სახე მალე მიეცემა და დამტკიცდება.

Politico წერს, რომ აშშ უბრუნდება იმ ცნობილ ტაქტიკებს, რაც ბოლოს მეოცე საუკუნის გლობალური კონფლიქტისას გამოიყენეს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, რომელიც კონფლიქტში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა. მან აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, გერმანიის წინააღმდეგ, საკუთარი მოკავშირეებისთვის სწრაფად გაეგზავნა იარაღი.