ომის ევოლუცია — კოლექტიური აგრესიისა და შეიარაღების ისტორია

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

პრეისტორიული აგრესია თუ ომი?!

"ბუნებით მეომარი ვარ. თავდასხმა ჩემი ერთ-ერთი ინსტინქტია", — ამბობდა ფრიდრიხ ნიცშე. აქვეა საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზა — "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის". თუმცა, რამდენად დამახასიათებელია ომი ადამიანის ბუნებისთვის? ცალსახა პასუხის თქმა რთულია. რატომ? ამის კარგი მაგალითია შემდეგი ორი მოსაზრება, რომ თითქოს ომი წყვეტს კავშირს ცივილიზაციასთან და ათავისუფლებს ჩვენში პრიმიტიულ ადამიანს. ეს მაშინ როცა მაგალითად ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო სულაც პირიქით, ცივილიზაციების გამოჩენასთან აკავშირებდა ომს. მისი აზრით, ადამიანები ბუნებით უფრო მშვიდობის მოყვარულები იყვნენ, მაგრამ ცივილიზაციების გამოჩენამ "მეორის" მიმართ აგრესია გაზარდა, გააჩინა კოლექტიური უცხოს ფენომენი, რაც საბოლოოდ ძალადობის, იგივე ომის მთავარი გამამართლებელი შეიძლება გამხდარიყო.

საინტერესოა თომას ჰობსის, ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსის შეხედულებაც. ის ამბობდა, რომ ადამიანების გონებრივი და ფიზიკური უნარები დაახლოებით თანასწორია: არავინაა იმდენად ძლიერი და ჭკვიანი სხვებზე, რომ, მხოლოდ ამის გამო, ყველაზე გაბატონდეს ან ამის საფუძვლიანი პრეტენზია ჰქონდეს. შესაბამისად, რაც მარტივად ვერ გადაიჭრება წარმოქმნის საომარ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ, ბუნებითი მდგომარეობა არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. რუსოსგან განსხვავებით, ჰობსთან პრეისტორიული სამყარო სავსეა გაუთავებელი ომებითა და სისხლის ღვრით და მხოლოდ ცივილიზაციებს, კანონსა და სახელმწიფოებრიობას შეუძლია ასეთი უსასრულო ომის დასრულება თუ არა შემცირება მაინც.

თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პრეისტორიულ კონფლიქტებზე თუ ომებზე ზუსტად რამის თქმა რთულია. ამ მხრივ კამათია ანთროპოლოგებშიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ უძველეს ადამიანებში სისხლის ღვრა ხშირი იყო. მაგალითად, ავსტრალიაში უძველესი ნამარხებით თუ ვიმსჯელებთ სიკვდილიანობის ძირითადი ნაწილი ბრძოლაზე და კონფლიქტის დროს მიღებულ ტრავმებზე მოდის. იგივეს მეტყველებს გამოქვაბულების კედლებზე გამოსახული ფიგურები, სადაც კარგად ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ოდითგანვე ხოცავდნენ. ერთი შეხედვით ჰობსი მართალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ომი ყოველთვის არსებობდა. ომი ინდივიდუალური ძალადობისგან განსხვავდება და მასში კოლექტიურად უამრავი ადამიანია ჩართული. კოლექტიურ ძალადობას კი კოლექტიური მტერი სჭირდება.

პირველი საომარი აღჭურვილობები

პირველ იარაღად ხის ჯოხები ითვლება, რომლებზეც ქვა იყო დამაგრებული. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ცულები, რომლებიც ასევე ქვისგან იყო დამზადებული.

ისტორიული წყაროების გაჩენისთანავე ჩნდება ომის ისტორიები. აქ უკვე საქმე გვაქვს დიდ დაჯგუფებებთან და შესაბამისად მასიური მკვლელობებიც იწყება. ომის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც თარიღდება დაახლოებით ძვ.წ 8 000 წლით. ეს კედლები, სულ მცირე 4 მეტრის სიმაღლისაა, სადაც სათვალთვალო კოშკურები ზოგგან 8 მეტრის სიმაღლესაც აღწევს. ეს სიმაგრეები აშკარად გამიზნული იყო დასახლებული პუნქტებში მტრის შემოჭრისგან დასაცავად.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს დასახლება, რომელსაც სხვა ადამიანების ჯგუფები მტრობენ. თუმცა, პირველი იარაღები ბევრად უფრო დიდი დროით თარიღდება. მაგალითად, ქვის იარაღებს ადამიანის გაჩენიდან ვხვდებით, პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. ეს ჯოხია, რომლის ბოლოშიც ბასრი საგანი მაგრდება და მისი სროლა შორ მანძილზე შეეძლოთ. ატლატს ზოგჯერ ქვის ხანის კალაშნიკოვს უწოდებენ, მისი გამოყენებით 40 მეტრის დაშორებით მყოფი ცხოველის დაზიანება ან მოკვლა შეეძლოთ. ის პირველად ჩრდილოეთ აფრიკაში გაჩნდა და შემდეგ სხვაგანაც გავრცელდა.

ასევე ერთ-ერთი უძველესი საბრძოლო იარაღია ბუმერნგი (მათი უმეტესობა არ ბრუნდებოდა უკან). უძველესი ასეთი იარაღი მამონტის ეშვისგანაა დამზადებული, ის პოლონეთში აღმოაჩინეს და 23 000 წლითაა დათარიღებული. დაახლოებით 20 000 წლის წინ პირველი ისრები და მშვილდები გამოჩნდა.

ცხენების პირველი მოშინაურება ყაზახეთის სტეპებთან ასოცირდება, ქრისტეს შობამდე 5300 წლის წინ. ამას ომის ხელოვნება სრულიად ახალ ეტაპზე უნდა აეყვანა. მსგავსი რევოლუცია საომარ მოქმედებებში არ მომხდარა ბრინჯაოს ხანამდე. ბრინჯაოს ხანამ კი ადამიანებს საშუალებას მისცა შეექმნათ პირველი ლითონის ხანჯლები, შემდეგ კი ხმლები.

მნიშვნელოვანია ტერბუშეტის, კატაპულტისა და ბალისტას ერთგვარი წინაპრის გამოჩენაც. მიიჩნევა, რომ ის ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლისთვის შეიქმნა. ეს უძველესი ლოდსატყორცნი იყო, მას 125 მეტრის მანძილზე ლოდის სროლა შეეძლო. ცოტა მოგვიანებით, ძველმა ბერძნებმა შეიმუშავეს საკუთარი ალყის იარაღი, ბალისტა, ერთგვარი მასშტაბური არბალეტი.

უძველესი ცივლიზაციები და მათი შეიარაღება

შუმერები — უძველეს ცივილიზაციებზე პირველი შუმერები შეგვიძლია გავიხსენოთ. ეს ცივილიზაცია დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე იყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წლისთვის მათ შექმნეს უაღრესად ცივილიზებული საზოგადოება. შუმერები საომრად ეტლებს იყენებდნენ, რომლებშიც ვირები იყვნენ შებმულნი. მათ შეიარაღებაში შედიოდა მშვილდ-ისრები, შუბები, ცულები და ჯოხები. მიუხედავად იმისა, რომ მეომრები ჯავშანს არ ატარებდნენ, მათ ფაქტიურად პირველად გამოიყენეს ბრინჯაოთი მოპირკეთებული ტყავის ქურთუკები, ეს კი გარკვეულ დაცვას იძლეოდა. შუმერი მებრძოლები ასევე იყენებდნენ სპილენძის ჩაფხუტებს და მართკუთხა ფარებს.

ეგვიპტელები — ეგვიპტელი ჯარისკაცები ბრძოლაში ხის და ტყავის ფარებს იყენებდნენ. ისინი იბრძოდნენ შუბებით, მშვილდ-ისრებით, ხმლებით, ცულებით, ხანჯლებითა და ჯოხებითა. ძველ ეგვიპტეში მეომრების უმეტესობა ქვეითი იყო. თუმცა, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1700 წლის შემდეგ შეიარაღებაში გამოჩნდა ეტლებიც. თითოეულ ეტლს ორი ადამიანი სჭირდებოდა. ერთი ეტლს მართავდა და მეორე ისრებს ისროდა. შუმერებისგან განსხვავებით ეგვიპტელები ომში ძირითადად ცხენებს იყენებდნენ, ხოლო ვირებს აღჭურვილობის გადასატანად. რაც შეეხება ჯავშანს, ძველ ეგვიპტეში ეს დიდი ფუფუნება იყო და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ჯარისკაცებს ეცვათ ის.

ძველი ბერძნები — ბერძნული ჯარები ძირითადად დაფუძნებული იყო ქვეითებზე, რომლებსაც ჰოპლიტებს ეძახდნენ. ჰოპლიტს თავად უნდა ეყიდა საკუთარი ჯავშანი და იარაღი, ამიტომ ის ჩვეულებრივ საშუალო ფენიდან იყო. აქ უკვე მძიმედ შეიარაღებულ და საკმაოდ დაცულ მებრძოლთან გვაქვს საქმე. ჰოპლიტები შეიარაღებულნი იყვნენ 3 მეტრის სიგრძის შუბებით და მოკლე ხმლებით. მეომარი დაცული იყო მძიმე აბჯრით, მუზარადით, სამუხლეებითა და გამძლე ფარით, რომელიც ტანს მთლიანად ფარავდა. რაც შეეხება ცხენოსნებს, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ ცხენების ყიდვა, ამიტომ კავალერია მდიდრებისგან შედგებოდა. მხედრებს ორი სასროლი შუბი და ხმალი ჰქონდათ. რა უნდა ექნა ღარიბს? მას შეეძლო მშვილდოსანი გამხდარიყო, ან შეიარაღებულიყო ჯოხებით. მათ არ ეცვათ ჯავშანი. ათენელებს დიდი ფლოტიც ჰყავდათ. გემებს ტრირემები უწოდეს. მათ ჰქონდათ ნიჩბების სამი რიგი და მტერს შიშის ზარს სცემდნენ.

ძველი რომი — რთულია სამხედრო შეიარაღებაზე ისაუბრო და არ ახსენო რომი. რომაელები დასაბამიდანვე უამრავ ომს აწარმოებდნენ, დასაწყისისთვის მეზობლებთან, ხოლო შემდეგ დაიპყრეს მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი და ევროპა. სამხედრო წარმატებების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომაული შეიარაღება და ინოვაციები იყო. მსუბუქ შეიარაღებაში თავისთავადად შედიოდა ხმალი, ფარი და შუბი. ფარი იმ დროისთვის გასაოცრად გამძლე იყო, ხოლო ხმალი ძალიან ბასრი. მეომრებს სხეულის დასაცავად გამძლე აბჯარიც ეცვათ, ხოლო მდიდრებს ჯაჭვის პერანგზეც მიუწვდებოდათ ხელი. რომაულ არმიას იმ დროისთვის საბრძოლო მოქმედებების გასაოცარი სინქრონიზაცია შეეძლო. ცნობილია მათი საომარი ტაქტიკა "ტესუდო", იგივე კუ. ასეთ დროს ისინი მჭიდროვდებოდნენ და ერთიმეორესთან მიჯრით მიაწყობდნენ ფარებს რომლებიც სახურავივით მთლიანად ფარავდა.

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეებში რკინა დომინირებს. პოპულარულია შუბები, ხმლები და საბრძოლო ცულები. ნელ-ნელა სამხედრო აღჭურვილობა უფრო მრავალფეროვანი გახდა და სხვადასხვა სახის აბჯარი თუ ბრძოლის იარაღები გაჩნდა. დაიხვეწა ჯაჭვის პერანგიც, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო V-XIII საუკუნეებში. მისი წონა დაახლოებით 12 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო რაინდის სრული აღჭურვილობა 25 კილოგრამამდე აღწევდა.

ჩნდება დენთიც, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს. ამან პრიმიტიული ცეცხლსასროლი იარაღი — "ცეცხლოვანი ისარი" გააჩინა. გამოჩნდა პირველი პრიმიტიული ბომბებიც, 960-დან 1279 წლების პერიოდში, სონგის დინასტიის მმართველობისას. ცეცხლსასროლი იარაღის ტექნოლოგია პირველად ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს აინ ჯალუტის ბრძოლაში 1260 წელს.

"ცეცხლოვანი ისრის" ევოლუცია — დენთის რევოლუცია

დენთი გამოტყორტცვნის პოტენციალის მქონე, ფეთქებადი ნივთიერებაა. მისი წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარე წნევის ფართო ინტერვალში. ნარევიანი, იგივე შავი დენთი შედგება საწვავისა და დამჟანგველისაგან. სწორედ მასთან არის დაკავშირებული არტილერიის განვითარება.

ცოტა რამ თუ შეცვალა მოვლენები ისე, როგორც დენთის რევოლუციამ. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ დენთის, ისევე როგორც ზარბაზნების გამოყენება პირველად სუნის დინასტიის დროს ჩინეთში დაიწყეს. თუმცა, ამის ფართოდ გამოყენება მომდევნო 150 წლის განმავლობაში არ მომხდარა. უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში ისინი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო როგორც თავდაცვისას, ისე თავდასხმისას.

წარმოიდგინეთ სამყარო, რომელსაც ზარბაზანი არ უნახავს და აი ისიც, უშველებელი სხეულის სწრაფად გატყორცვნა, რაც მთავარია კატაპულტისგან განსხვავებით მიზნის პირდაპირ ამოღებაც შეიძლებოდა. ასეთ იარაღს შეეძლო როგორც უამრავი მეომრის განადგურება ისე აქამდე აუღებელი ციხესიმაგრეების ნანგრევებად ქცევა.

ეს ყველაფერს ცვლიდა. დენთის გამოჩენამდე იარაღის ეფექტიანობა და სიმძლავრე ადამიანის ძალაზე თუ კუნთებზე იყო დამოკიდებული. აქ კი თავს იჩენს ქიმიური რეაქცია, რის შედეგადაც ხდება ბევრად დიდი ენერგიისა თუ ბიძგის გამოთავისუფლება. ტექნოლოგიურად, დენთმა გადალახა უფსკრული შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქას შორის. მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც შავი ფხვნილი ჩაანაცვლა ნიტროცელულოზაზე დაფუძნებულმა ძრავებმა, ორთქლის ენერგია მომწიფებულ ტექნოლოგიად იქცა, სამეცნიერო რევოლუცია გაჩაღდა და ელექტრონიკისა და შიდა წვის ძრავის ეპოქა მოახლოებული იყო.

1494 წელს იტალიაში საფრანგეთის მეფე შარლ მერვე შეიჭრა. ამ ომს დენთის ეპოქის პირველ, ინოვაციურ ომს ეძახიან. მაშინ ამას "უეცარი ქარიშხალი" უწოდეს და მართლაც, მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს შეჭრა ომების ისტორიაში ის ნიშნულია, რომელმაც შუა საუკუნეების ომის ეპოქის დასასრულს განასახიერებს. მსოფლიოს ასეთი სწრაფი ომი, ასეთი სწრაფი არტილერია აქამდე არ ენახა. მაშინდელი იტალიელი ისტორიკოსები წერდნენ "ქვემეხებიდან ისეთი სისწრაფით ისროდნენ, რომ ქალაქების აოხრებას იმდენივე საათს ანდომებდნენ რამდენი დღეც ამისთვის იტალიელებს ასაშენებლად დასჭირდებოდათ", — ეს ძველის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი იყო.

ინდუსტრიული რევოლუცია — რაკეტა მოფრინავს!

მეთვრამეტე საუკუნემდე ძირითადად დენთის მონაპოვარის განვითარება ხდებოდა. გამოჩნდა ყუმბარები, თოფები, რომლებიც უფრო სწრაფად და შორს ისროდნენ. შემდეგ გაჩნდა დენთი, რომელიც კვამლს არ ტოვებდა, გასროლისთანავე არ ჩნდებოდა გაზის მხრჩოლავი კვამლი. მეომრებს შეეძლოთ უფრო მობილურები ყოფილიყვნენ, ესროლათ ზედმეტი კვამლის გარეშე და შეუმჩნევლად შეეცვალათ პოზიცია. თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რასაც ინდუსტრიული რევოლუცია გეგმავდა.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ დენთის ეფექტი ყველას დაავიწყა. ის თითქმის ყველა ასპექტს მოედო. გაჩნდა რკინიგზა, რაც ჯარების ტრანსპორტირებას კოლოსალურად აჩქარებდა, ხოლო ტელეგრაფმა შეტყობინებების სისწრაფე წარმოუდგენლად შეცვალა. სიჩქარე ვახსენეთ და რაკეტების ჯერიც მოვიდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სერ უილიამ კონგრევმა შეიმუშავა კონგრევის რაკეტა. ეს შეიარაღება რეაქტიული წევის საშუალებით ადიოდა ცაში და ის 1807 წელს კოპენჰაგენში გამოიყენეს. ქალაქის დიდ ნაწილს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა მაშინ რაკეტებს აკლდათ დიაპაზონი, სიზუსტე და არაპრაქტიკული იყო. ამავე პერიოდში გამოჩნდა პირველიწყალქვეშა ნავი. მისი შემქმნელი ამერიკელი დევიდ ბუშნელი იყო. ტექნოლოგია თავიდან ძალიან სახიფათო იყო გამოსაყენებლად და არაპრაქტიკული, თუმცა მას ამერიკის სამოქალაქო ომში უკვე ვხვდებით.

მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვნად იხვეწება თოფებიც. საქმეში ერთვება ყველასთვის ცნობილი სამუელ კოლტი. მან 1836 წელს თოფების ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, დააპატენტა რა "მბრუნავი იარაღი", რომელიც აუმჯობესებდა წინა დიზაინებს. ის უფრო სწრაფად იტენებოდა და შესაბამისად სწრაფადაც ისროდა. აქედან გაჩნდა პირველი სერიული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ბუნებრივია კოლტმა გამოუშვა. აქამდე იარაღები კუსტარულად მზადდებოდა და ომის დროს მათი დაზიანების შემთხვევაში იდენტური იარაღის მოძებნა შეუძლებელი იყო, ამიტომ მეომარს მისი ნაწილის ჩანაცვლებით იარაღი ბრძოლისუნარიანი გახდა აღარ შეეძლო. სამუელ კოლტმა ეს პრობლემა იარაღის სერიული გამოშვებით გადაჭრა.

კოლტის შემდეგ ჯერი ტყვიამფრქვევზე იყო. მაქსიმის ტყვიამფრქვევმაც არ დააყოვნა. ჩარხიანი ტყვიამფრქვევი, ამერიკული წარმოშობის ბრიტანელმა იარაღის მწარმოებელმა ჰაირემ სტივეს მაქსიმმა 1888 წელს შეიმუშავა. ეს იყო პირველი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ზედიზედ რამდენიმე ტყვიას ისროდა. გამომგონებელმა ძლიერი უკუდარტყმის ენერგია იარაღის ავტომატურად გადატენვისა და გამოყენებული მასრის ამოსაგდებად გამოიყენა. მას წუთში 600 გასროლის წარმოება შეეძლო, ეს იმ დროისთვის ნამდვილი საოცრება იყო. უკვე ზედმეტად ბევრ ტყვიას, წარმოუდგენლად სწრაფად ისროდნენ, მეტი ჯავშანი იყო საჭირო. . .

ეს ეშმაკია თუ ტანკი მოდის?!

პირველი მსოფლიო ომი ცნობილია როგორც გაჭიანურებული ბრძოლები. აქ ხშირი იყო "პოზიციური ჩიხები". მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ფლანგებიდან შემოევლოთ, მაგრამ სანგრებიდან წამოსული ახლებური ძლიერი ცეცხლის გამო ყველაფერი საწყის ეტაპზე იფუშებოდა. მხარეები სანგრებში ჩარჩნენ და პროცესი უსასრულოდ გაიწელა.

სწორედ ამ მომენტში ბრიტანელებმა გამოიყენეს ახალი საბრძოლო მანქანა — ტანკი Mark I. ეს იყო შეჯავშნული მუხლუხოებიანი საბრძოლო მანქანა. ტანკებზე მუშაობა მათ ჯერ კიდევ 1914 წელს დაიწყეს. პირველი ტანკი 30 ტონას იწონიდა, მისი ეკიპაჟი 8 წევრისაგან შედგებოდა, ხოლო ძრავის სიმძლავრე 105 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს ტანკი სიჩქარით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა, მას მაქსიმალური სიჩქარის 6,4 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო, მაგრამ რაც მთავარია 3,5 მეტრიანი თხრილის გადალახვა შეეძლო. ეს კი პოზიციური ჩიხისთვის იდეალური იყო. შედეგმაც არ დააყოვნა. გერმანელი მეომრები პანიკაში ჩააგდო ახალი და უცნაური მონსტრის გამოჩენამ, ერთ-ერთ მათგანს მოეჩვენა, რომ მათკენ ნამდვილი ეშმაკი მიემართებოდა.

თუმცა, ბრძოლები მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის გამარჯვების მომტანი გამოდგა. ამის შემდეგ ტანკები სულ რამდენჯერმე გამოიყენეს. ამის მიზეზი ახალი საბრძოლო მანქანების გაუმართაობა, მცირე რაოდენობა, ექსპლუატაციის მძიმე პირობები და მოქმედების ტაქტიკის დაუმუშავებლობა იყო. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბევრად უფრო დაიხვეწა ამ საბრძოლო მანქანების ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები და გამოყენების ტაქტიკა, ომები უფრო მანევრირებადი გახდა და "პოზიციური ჩიხის" პრობლემაც ისტორიას გაჰყვა.

ომი ცაში და ციდან

1903 წლის 17 დეკემბერს ცის დაპყრობა დაიწყო! ამ დღეს მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენა ძმებმა რაიტებმა განახორციელეს. ეს საოცარი მიღწევა იყო და სამხედრო ექსპერტებმა უკვე იცოდნენ, რომ ამ მომენტიდან ომი აღარსდროს იქნებოდა ისეთი როგორიც ადრე. ომი ცაში ავიდა და მალე ის ციდანვე აპირებდა თავზე დაცხრომას.

ამ ამბის შემდეგ მალევე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რამაც თვითმფრინავების, როგორც ახალი საბრძოლო საშუალების მნიშვნელობა წინ წამოწია. გაჩნდა სამხედრო ავიაცია, რომელიც გამანადგურებლებად, ბომბდამშენებად, მზვერავებად და მეომრების გადამყვანად დაიყო. თვითმფრინავებზე დაიწყეს ბომბდამშენი და სასროლი შეიარაღების დაყენება. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ გამანადგურებელმა და საზარელმა პირველმა მსოფლიო ომმა თვითმფრინავების განვითარებაც დააჩქარა. გაუმჯობესდა მათი მახასიათებლები. თავიდან თუ თვითმფრინავების სიჩქარე 100კმ/სთ-ს ვერ სცდებოდა, სულ მალე მათ იგივე დროში 220 კილომეტრის დაფარვა შეეძლოთ.

უკვე 30-იანი წლების შუა ხანებიდან თვითმფრინავების კონსტრუქციაში გადავიდნენ ბიპლანიდან მონოპლანზე, ამან გამანადგურებლების სიჩქარე 560-580 კმ/სთ-მდე გაზარდა. ამავე 30-იანი წლების ბოლოსკენ გაჩნდა საავიაციო რეაქტიული ძრავა. უკვე 70-იანებში სამხედრო თვითმფრინავების სიჩქარემ 3000–3500 კმ/სთ-ს მიაღწია. მალევე გამოჩნდნენ ზებგერითი თვითმფრინავები. შემდეგი უკვე რადიოსარადარო სისტემებისთვის უხილავი საფრენი აპარატების და დისტანციური მართვის თვითმფრინავების შექმნა უნდა ყოფილიყო. 80-იან წლებში საბრძოლო დრონები გამოჩნდა!

ბოლო ოცდაათი წელია უპილოტო ავიაცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მათი საშუალებით მომავალში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლდეს პილოტირებადი საფრენი აპარატები. ეს ტექნოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება და ის უკვე ტრადიციულ შეიარაღებას საერთოდ გაქრობით ემუქრება. ამის კარგი მაგალითია უკრაინის ომი და რუსეთის განადგურებული ჯავშანტექნიკა. ფაქტი სახეზეა, უპილოტო საფრენი აპარატების, მაგალითად თურქული წარმოების ბაირაქტარების წინაშე ერთ დროს ძლევამოსილი ტანკებიც კი სრულიად დაუცველნი ჩანან. თურქული დრონები შესანიშნავად გამოიყენეს უკრაინულმა ძალებმა. მათ შეუძლიათ პირდაპირ შეუტიონ ტანკებს. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ტანკების ერის დასასრული ახლოვდება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ტანკები შეიძლება მალე ისტორიას ჩაბარდნენ, დაახლოებით ისე როგორც ეტლები, ცხენოსანი კავალერია და სხვა.

ასევე: რატომ კარგავს რუსეთი ამდენ ჯავშანტექნიკას უკრაინაში — ტანკების ერის დასასრული?

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელი სამხედროები კარგად იყენებენ უპილოტო თვითმფრინავებს, Bayraktar TB2-ს და უფრო მცირე დრონებს. ამით ისინი მნიშვნელოვანად აზიანებენ რუსულ ჯავშანტექნიკას. დრონები ძალიან ეფექტიანია, ეს იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ფრენა დაბლა და ასევე იმიტომ, რომ თქვენ არ რისკავთ პილოტის სიცოცხლეს", — ამის შესახებ აშშ-ის არმიის ყოფილმა რეინჯერმა პოლ შარემ Insider-ს განუცხადა.

ასევე: როგორ მუშაობს ბაირაქტარი — უკრაინის ქირურგიული სიზუსტის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ

დრონების სასარგებლოდ მეტყველებს ყარაბაღის ბოლო კონფლიქტიც. ამ კონფლიქტში ბაირაქტარი აზერბაიჯანის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევა. ბაირაქტარს 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციური მართვის პირობებში, გადაბმულად 27 საათის განმავლობაში ფრენა შეუძლია. მას ოთხამდე ლაზერით მართვადი რაკეტის ან ბომბის გადატანა ძალუძს, რისი საერთო მასაც 150 კილოგრამიც შეიძლება იყოს. ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო გადაწყვეტას ქირურგიული სიზუსტის დარტყმებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლომდებარე ადგილების დაზიანება.

ბირთვული შეიარაღება — შემდეგი გაჩერება ჯოხი

ბევრს მიაჩნია, რომ მესამე მსოფლიო ომისგან სწორადაც რომ ყველაზე გამანადგურებელი შეიარაღება ატომური ბომბი გვიცავს. როგორც აინშტაინმა თქვა, ჩვენ შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე ნამდვილად ჯოხებითა და ქვებით იქნება. ატომურმა ომმა შეიძლება პლანეტაზე სიცოცხლე მთლიანად მოსპოს.

და მაინც, რა არის ატომური ბომბი? ბირთვული იარაღი ეს ფეთქებადი მოწყობილობაა, მისი ენერგიის წყარო კი ბირთვული რეაქციაა. E=mc2 — ანუ, შესაძლებელია მასა გადავაქციოთ ენერგიად. ბირთვული იარაღის მოქმედების პრინციპი ბირთვულ რეაქციას ეფუძნება. იმისთვის, რომ ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს, აუცილებელია შესაბამისი "საწვავი", ურანის იზოტოპის სახით.

თავად ბომბის შექმნის ისტორია მანჰეტენის პროექტთანაა დაკავშირებული, მაგრამ პირველი გარღვევა 1911 წელს სერ ერნესტ რუთერფორდს ეკუთვნის. მან აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული. ამის შემდეგ ნილს ბორმა ატომის სტრუქტურა აღწერა. საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ შესაძლებელი იყო ატომური ჯაჭვის რეაქცია ურანის დიდი რაოდენობით. ეს უკვე ატომური ენერგიაა, რომელიც ატომების გახლეჩით ან შეერთებით მიიღება.

1938 წლის 17 დეკემბერს ფიზიკოსმა ოტო ჰანსმა ატომის ბირთვის გახლეჩა შეძლო. უკვე 1945 წლის 16 ივნისს პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოსცადეს.

ასევევ: რას ნიშნავს ბირთვული ომი — ატომური იარაღის საფრთხეები

დღეს ატომური შეიარაღება ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ეს ჰიროსიმა და ნაგასაკში ჩამოგდებული ბომბებია. ზოგიერთი თანამედროვე ბირთვული იარაღი 3000-ჯერ უფრო ძლიერიცაა, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული. მაგალითად, აშშ-ს ამჟამინდელ ბირთვულ არსენალში, W88 ქობინი 475 კილოტონაა. ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი "პატარა ბიჭი" 12-13 კილოტონა იყო. ბირთვული აფეთქებებით ქალაქების დაუყოვნებელი განადგურების გარდა, ასეთი ომის პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, რადიაციული ავადმყოფობის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროებით, ან სულაც მუდმივად გათიშვა. ეს უკანასკნელი ელექტრომაგნიტური იმპულსების გამო.

ჰაკერული ომი — მომავლის ფრონტის ხაზი

დღეს სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ციფრულ სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხების, შეიარაღებისა თუ მედიის მართვის სადავეებიც. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი.

შესაბამისად, ახლა ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის. ეს ჰაკერული ომია, რომელშიც მებრძოლები კიბერთავდამსხმელები არიან. მათ სპეციალური მეთოდების საშუალებით კომპიუტერული სისტემებისთვის შეტევა, იქ არსებული პროგრამების დაზიანება და მოწყობილობების ფუნქციონირების ხარვეზირება შეუძლიათ. ასევე, ასეთი შეტევებით შესაძლებელია მოიპოვონ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, გათიშონ კავშირგაბმულობა და მწყობრიდან გამოიყვანონ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები.

ასევე: რა არის ჰაკერული ომი — რა ზიანი შეიძლება მიადგეს რუსეთს ანონიმუსისგან

ეს ყველაფერი დღეს ისე აქტუალურია როგორც არასდროს, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული სამყაროს მასშტაბების ზრდასთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაკერული ომი ჯერ ახლა იკრებს ძალას, ეს მომავლის ფრონტის ხაზია.

ამის ფონზე საინტერესოა რუსეთი უკრაინის ომი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო უკრაინული ვებსაიტების წინააღმდეგ შეტევა. თავდასხმები მიზნად ისახავდა უკრაინის საბანკო და თავდაცვის ვებგვერდებს დაბლოკვას. საუბარია DDoS თავდასხმების სერიაზე — ანუ, განაწილებული შეტევა მომსახურების დაბლოკვის მიზნით. თავდასხმები მიზნად ისახავდა უკრაინის საბანკო და თავდაცვის ვებგვერდებს დაბლოკვას. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეტევებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო GRU ახორციელებდა. რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრას დაამთხვია უკრაინის სამთავრობო სისტემების წინააღმდეგ IsaacWiper-ის სახელწოდებით ცნობილი მავნე პროგრამების ჩაშვება.

ასევე: კიბერომი — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინას შორის

ამის ფონზე, არც უკრაინას ჩამოუშვია მაუსები. ომის დაწყებიდან მალევე მათაც გამოავლინეს თავისი სტრატეგია. ქვეყანა ცდილობს მოახდინოს საერთაშორისო კიბერ ძალების მობილიზება და შექმნას კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების არმია რუსეთის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის. უკრაინულმა მხარემ კიბერსივრცეში გამოიყენა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულია სოციალური მედიისა და ტელეგრამის არხებით. უკრაინის IT არმია, ალბათ, უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალისხმევაა ჰაქტივისტების მოქმედებების კოორდინაციისთვის. ხშირად IT არმია ტელეგრამში მითითებულ სამიზნეებზე თავდასხმებს ახორციელებს. IT არმიამ სამიზნეში ამოიღო რამდენიმე რუსული ბანკის ვებგვერდი, რუსეთის ელექტრონული ქსელი და სარკინიგზო სისტემა, წამოიწყო რა მათ მიმართ ფართოდ გავრცელებული DDoS შეტევები.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: კიბერუსაფრთხოება ომისას — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი

რა იქნება შემდეგი? როგორი იქნება შეიარაღების განვითარების შემდეგი ეტაპი? ზუსტად ამის პროგნოზირება რთულია, ბევრს მიაჩნია, რომ მომავალში ომში ადამიანები ფიზიკურად აღარ იქნებიან ჩართულნი და ყველაფერს "ბრძოლის ველზე" რობოტები გადაწყვეტენ, ან სულაც კონფლიქტი ციფრულ სამყაროში, ვირტუალურ რეალობებში გადაწყდება. მაგრამ მაინც, არ დაგვავიწყდეს აინშტაინის სიტყვები და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გაუთვალისწინებელი აგრესია საბოლოოდ ისევ ქვებამდე და ჯოხებამდე არ დაგვიყვანს, ყველაფერი ხომ ზუსტად ასე დაიწყო. ძველი ლათინური გამონათქვამი "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის", შეიძლება ოდესღაც რეალობაც იყო, მაგრამ დღეს საომარი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე პასუხისმგებლობაც იზრდება. ომისთვის დაუსრულებელმა მზადებამ შეიძლება საერთოდ სიცოცხლე გააქროს პლანეტიდან და მერე სად წავა მშვიდობა?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
  2. უკვე ცნობილია, რამ გამოიწვია ყველა დროის უდიდესი კოსმოსური აფეთქება
  3. ასტეროიდმა დედამიწას მთვარეზე 30-ჯერ ახლოს ჩაუარა — ის 2 დღით ადრე აღმოაჩინეს
  4. ანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ
  5. Messenger ფოტოების ხარისხს ნაკლებად გააფუჭებს — Facebook-ის ეს და სხვა სიახლეები

გირჩევთ