აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილებიც მოხვდნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, აშშ მიიჩნევს, რომ პუტინი თავისი ქონების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, სწორედ მათთან მალავდეს.

გარდა ამისა, ახალი სანქციები შეეხებათ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, კერძოდ, მის შვილსა და ცოლს. ამასთან, სანქციები დაუწესდება რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის, Sberbank-სა და Alfa Bank-ს. სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა დიმიტრი მედვედევიც.

"მე ნათლად განვაცხადე, რომ რუსეთი გადაიხდიდა მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს ბუჩაში მისი სისასტიკეების გამო. დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, დამანგრეველი სანქციების ახალ რაუნდს ვაცხადებთ", — დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

3 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩადან ფოტო-ვიდეო მასალები გავრცელდა, ევროპული საბჭოს ლიდერმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე ახალ სანქციებს დააწესებდა.

გუშინ, 5 აპრილს ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, 4 ძირითად რუსულ ბანკთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, ისინი დამატებითი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში