კულტურის მინისტრისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა სანქცირებული მასალა საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ვინც საპირისპიროს ამბობს, მტკიცებულებებიც მან უნდა წარმოადგინოს.

"როდესაც ერთი პირი მეორე პირს დებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ იმას, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის ის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა, ეს არის რეალობა, გამყარებული ფაქტებით. ხოლო როდესაც ბრალს დებ საწინააღმდეგოში სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები", — თქვა წულუკიანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: