დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ უკრაინამ დაზვერვის განცხადების დამადასტურებელი ფაქტები კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ საქართველომ უნდა იბრძოლოს, რომ რუსეთისთვის სანქციები დაწესდეს. მისი თქმით, გაუგონარია ოპოზიციის ნაწილისგან უკრაინაზე ისრების გადატანა.

"წარმოუდგენლად ყალბი და არაკვალიფიციური და ილუზიების გამამყარებელია მოთქმები, აბა ეხლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო. ყალბია ეს აღშფოთება, რადგან ჩვენ თვალწინ ყოველდღე ეს მთავრობა ყოვლად ამორალურად იქცევა და ომის ფონზე რუსებთან ვაჭრობას შესაძლებლობას ეძახის, მოხალისეებს და ექიმებს ბლოკავდა, ზელენსკის შეურაცხყოფდა, დევნილებს არ უვლის და ასე შემდეგ. ამიტომ, დაუჯერებელი რა გაიგეთ არ მესმის.

მეორე: მთავრობა ამბობს არანაირი სანქციებიო და უმარტივესია შესაბამისად, რომ დიახ აგზავნიან რაღაცებს, რაც სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. სამხედრო მიზნისთვის მხოლოდ იარაღი არაა, უამრავი სახის ტექნიკა შეიძლება იყოს. უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სანქციები იყოს და ეს საშიში და ამორალური პოლიტიკა ადვილად არ გასდიოდეთ. ხოდა კიდე, "ბოდიში" დასავლეთის დაზვერვა რომ უფრო სანდოა, ვიდრე აქაური პარტიული ინსტიტუტები. სრულიად გაუგონარია ოპოზიციის ნაწილისგან უკრაინაზე ისრების გადატანა. საქმეს მივხედოთ, საქმეს და საქმის დიდი ნაწილი სიმართლის თქმაა და არა პრანჭვა", — წერს ხოშტარია.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: