საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციები რადიო თავისუფლების დაზარალებული ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ოპერატორ დავით ქორიძის ინტერესებს იცავენ და აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან გამოცხადებულ განაჩენს ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და სასჯელის ნაწილში.

მანდარიას და ქორიძეს 2021 წლის 5 ივლისს უკვე მსჯავრდებული გიორგი კახიანი ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მაშინ, როდესაც ისინი თბილის პრაიდის მაშინდელ დირექტორ გიორგი თაბაგართან ერთად ტოვებდნენ გაეროს შენობას მრგვალი ბაღის წინ.

გიორგი კახიანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა) მუხლებითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). გუშინ გამოცხადებული განაჩენის თანახმად, მოსამართლემ კახიანი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. შესაბამისად, მოსამართლემ გიორგი კახიანს მოუხსნა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდება და აღნიშნული გადააკვალიფიცირა ჯგუფურ ძალადობად.

"GDI და HRC არ ეთანხმებიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების შეცვლას ჯგუფური ძალდობით. ამგვარი მიდგომა ფაქტობრივად გამორიცხავს 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბური, ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მაშინ, როდესაც დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებს. ამავდროულად, ეს არის საშიში მესიჯი საზოგადოებისათვის, რომ დანაშაულის ორგანიზება და მასში მონაწილეობა შეწყნარებულია სახელმწიფოს მხრიდან", — აცხადებენ ორგანიზაციები.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულთა ნაწილს პატიმრობა შეეფარდა. სხვადასხვა ეპიზოდზე ბრალდებულებს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 წლითა და 3 თვით და 3 წლით, ხოლო ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.