გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება გაფრთხილებაა. მისი თქმით, გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ხვიჩიას შეფასებით, მეტი დეტალიზაცია სჭირდება.

"ზოგადად, არაფერი გამორიცხული არ არის, უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება. ასევე სხვადასხვა ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ვთქვათ, ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ გამართლებულიყო პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. [...]

გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთ, ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს. უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას ეს სულ სხვა გარემოებაა", — ამბობს ის.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: