2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ CRISPR ტექნოლოგია გამოიყენა და ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ემბრიონების გენეტიკური კოდი გადააკეთა. შედეგად ტყუპები დაიბადნენ, რომლებიც, ალბათ, შეგვიძლია, მსოფლიოში პირველ გენმოდიფიცირებულ ადამიანებად მივიჩნიოთ.

ამბავმა მეცნიერების, ეთიკის სპეციალისტებისა და მარეგულირებელი პირების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში არაერთი "შემაშფოთებელი სამეცნიერო და ეთიკური შეცდომა" იყო დაშვებული.

ასევე იხილეთ: ტესტი: რა იცი გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვებისა და ორგანიზმების შესახებ

საბოლოო ჯამში, იგი დააპატიმრეს, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთ უნივერსიტეტში კი კვლევითი პოზიციიდან მოხსნეს. მიუხედავად ამისა, ახლახან MIT Technology Review-მ (2018 წელს ექსპერიმენტის შესახებ პირველებმა სწორედ მათ გაავრცელეს) გვაცნობა, რომ იგი ციხიდან გაათავისუფლეს და ტელეფონზე ზარსაც კი უპასუხა.

"ახლა სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა", — განუცხადა მან MIT Tech-ს და ყურმილი დაკიდა.

თავისთავად, არავინ იცის, შემდგომში რას მოიმოქმედებს იგი. MIT Tech-თან წყაროები მას "იდეალისტ, გამოუცდელ და ამბიციურ" ადამიანად ახასიათებენ. ნათელია, ექსპერიმენტისაგან გამოწვეულმა საზოგადო აღშფოთებამ იგი შოკში ჩააგდო, როცა მანამდე ნობელის პრიზის მოგებასაც კი ელოდა.

ციხეში წასვლამდე, როგორც ჩანს, მეცნიერი ტექნოლოგიის კომერციალიზაციის წინააღმდეგი არ გახლდათ. გადმოცემის თანახმად, იგი გარკვეულ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა ჩინეთში ან შვეიცარიაში კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ინიციატივა შორს არ წასულა.

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები უკვე დაიბადნენ, საგულისხმოა, რომ ადამიანის დნმ-ის გადაკეთებასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი, თუმცა პასუხგაუცემელი, სამეცნიერო თუ ეთიკური საკითხი იჩენს თავს — თუნდაც იმით დაწყებული, რომ დარგის მოწინავე ექსპერტებმაც კი არ იციან, შეცვლის შემდეგ როგორ მუშაობს გენეტიკური კოდი ორგანიზმში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.