ილონ მასკი, რომელიც ახლახან Twitter-ის უდიდესი მეწილე გახდა, ვებსაიტზე გამოკითხვას ატარებს. მისი მიზანია გაიგოს, სურთ თუ არა მომხმარებლებს რედაქტირების ღილაკის დამატება. გამოკითხვის ვარიანტები განზრახ შეცდომითაა აკრეფილი ("yse" და "on" და არა "yes" და "no").

ასევე იხილეთ: ილონ მასკმა Twitter-ის წილი შეიძინა — რა სურს ბიზნესმენს

ეს ყველაფერი ხუმრობა ნამდვილად არ არის: გამოკითხვა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმაც გადააზიარა. მან დაამატა, რომ "გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა" და მომხმარებლებს მოუწოდა, ხმა დაფიქრებულად მიეცათ. ეს კი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, პლატფორმაზე ტექსტის რედაქტირების ღილაკი ერთ დღეს მართლაც დაამატონ.

წლების განმავლობაში ზემოხსენებულ ფუნქციას არაერთი მომხმარებელი ითხოვდა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს Wired-ის ინტერვიუში Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, პლატფორმას რედაქტირების ფუნქცია არასოდეს დაემატებოდა, რადგან სოციალური ქსელი თავიდან ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნი სერვისი გახლდათ, გაგზავნილი ტექსტის უკან დაბრუნება კი შეუძლებელია. კომპანიას სწორედ ამ განწყობისა და შეგრძნების შემონახვა სურდა, მასკმა კი შესაძლოა, კომპანიას პერსპექტივა შეაცვლევინოს.

ასევე იხილეთ: ჯეკ დორსი Twitter-ის CEO აღარ იქნება — დამფუძნებელი კომპანიას ტოვებს

ამ დროისათვის 1 439 779 ანგარიშიდან რედაქტირების ღილაკის შემოღებას 73.4% ემხრობა. ჯერჯერობით უცნობია, მაშინვე დაიწყებს თუ არა კომპანია ღილაკზე მუშაობას, თუკი ინიციატივის მომხრეები გაიმარჯვებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ Twitter-ის ოფიციალურმა ანგარიშმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია "რედაქტირების ღილაკზე მუშაობს", თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველ აპრილს დაიწერა.

იმის შესახებ, ამოქმედების შემთხვევაში, თუ როგორ იმუშავებს Twitter-ზე რედაქტირების შესაძლო ღილაკი, დამატებითი დეტალები უცნობია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.