საპატრიარქო ბუჩაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი სიმძიმე ომის სასტიკი "კანონების" მიუხედავად ძნელი წარმოსადგენია. საპატრიარქოს თქმით, ბუჩადან გავრცელებული ფოტოებმა და ვიდეოებმა შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

"ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის", — აცხადებს საპატრიარქო.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.