საქართველოსა და რუმინეთის პრემიერმინისტრებმა ვიზიტის ფარგლებში დღეს, 26 აპრილს ბუქარესტში გამართული მოლაპარაკებებისას განაცხადეს, რომ საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ასახულია სამომავლო პრიორიტეტები - ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებისა და ბიზნესსაზოგადოებების დაახლოების მიზნით:

"დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალში ხელს შეუწყობს ამ რეგიონის კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ უკვე განვიხილეთ დღეს, რომ ეს ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე უნდა გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ამ ძალიან ამბიციურ მიზანს მივაღწევთ".

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუმინელ კოლეგასთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და რუმინეთი არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გასავითარებლად და გასაღრმავებლად:

"ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ რეგიონებისკენ, ბაზრებისა და კულტურებისკენ მიმავალ კარს. სწორედ ეს არის ჩვენი როლი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სტრატეგია და ჩვენი საგარეო პოლიტიკა".