"ამოვისუნთქე" — თქვა TV პირველის ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ ლექსო ლაშქარვას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა მოსამართლესაც და აღნიშნა, რომ ამაყია, რადგან ძალადობრივი ჯგუფის წევრებს მოუწევთ 5 წელი ციხეში ჯდომა.

"10 თვე მართლა მქონდა სუნთქვა შეკავებიული და ახლა ამოვისუნთქე, არა მარტო მე, არამედ ყველამ მადლობა თქვენც და მადლობა ლექსოს. მადლობა ლექსოს იმისთვის, რომ მისი სიკვდილი ფუჭი არ ყოფილა. რაღაც მომენტში ჩვენ ვხვდებით, რომ გავიმარჯვეთ ამ 5-წლიანი სასჯელით.

5 ივლისის საქმეზე TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ნინო ელიაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

დღეს ჟურნალისტების ძალადობაში ბრალდებულების ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ მედიის წარმომადგენლები. იქ მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფის წევრებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვაში 6 პირი იყო ბრალდებული.

ექვსივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი იყო შემდეგი ბრალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იარაღის გამოყენებით), 156-ე მუხლის (დევნა) მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი — დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 118-ე მუხლის მესამე ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში — სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჯგუფურად, 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება — მხოლოდ ერთი ბრალდებულის ც.ჩ.-ის მიმართ) მეოთხე ნაწილით.

წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა.