როგორც ჩანს, მეტეოროლოგებს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა უჭირთ, როცა საქმე მოახლოებულ ტორნადოს ეხება. დაგ კამერერმა, რომელიც მეტეოროლოგი და NBC-ის წამყვანია, გადაცემის დროს შვილებს დაურეკა და ისინი მოახლოებული ტორნადოს შესახებ გააფრთხილა. "ფაქტობრივად, მე ახლა ტორნადოს ვაკვირდები, რომელიც ჩემს სახლს მალე გადაუვლის", — ამბობს მეტეოროლოგი ვიდეოში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.

იმ დროს, როცა დაგი მაყურებელს ტორნადოს გადაადგილებას რუკაზე აჩვენებდა, მან ტელეფონი აიღო და შვილს დაურეკა. "აქ ხარ, კენტ? მინდა, რომ სარდაფში ახლავე ჩახვიდე, რადგან ტორნადოს მოახლოების შესახებ გაფრთხილება მივიღეთ. მინდა დავრწმუნდე, რომ შენ და კელი სარდაფში ჩახვალთ, თან რაც შეიძლება მალე", — ასე უთხრა დაგმა თავის შვილს გადაცემის დროს.

ზარის დასრულების შემდეგ დაგმა მაყურებელს აუხსნა, თუ რატომ დაურეკა შვილებს გადაცემის დროს. "ჩემი შვილები უნდა გამეფრთხილებინა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რასაც აკეთებდნენ. წესით, ისინი ონლაინთამაშებით იყვნენ გართულები და ტორნადოს შესახებ არაფერი იცოდნენ", — თქვა მეტეოროლოგმა.

მას შემდეგ, რაც მეტეოროლოგისა და მისი შვილების საუბრის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, დაგმა სოციალურ ქსელების მეშვეობით ადამიანებს აცნობა, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ. "როცა რუკაზე დავინახე, რომ ტორნადო ჩემს სახლს უახლოვდებოდა და თან ვიცოდი, რომ ცოლი სახლში არ იყო, ბავშვები უნდა გამეფრთხილებინა", — ასე განმარტა დაგმა თავისი ქმედება.

ვიდეოს, რომელშიც დაგი თავის შვილებს ურეკავს, ინსტაგრამზე უკვე 18 ათასზე მეტი ნახვა აქვს. კომენტარებში კი დაგს ოჯახის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის აქებენ.