სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პენიტენციურის თანამშრომელმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა რუსთავის მე-16 დაწესებულებაში კამერისგან თავის არიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის თქმით, ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, პენიტენციურის თანამშრომელი ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით — მოუქნია ხელი და ფეხი.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა", — ნათქვამია განცახდებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოიკითხა 17 პირი, პენიტენციური სამსახურიდან გამოითხოვეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალები და სამართლებრივი აქტები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაზეც დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სისხლის სამართლის 333-ე მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. უწყებაში ამბობენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.