სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში გაიზარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკუტი თანამდებობის პირთა მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენელთან მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება.

"მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წელს გაიზარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ გამოწვევად დარჩა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე ყოვლისმომცველი სტატისტიკის არარსებობა, რაც ხელს უშლის პრობლემის სრული მასშტაბის დანახვას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას.

ამასთანავე, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებულია.

"ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და ამავე დროს, ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, კანონდარღვევაში გამოიხატება. თავის მხრივ, ხელისუფლება არ ატარებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს და არც კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებს ეფექტიანად", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით, 5 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაცვა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იყო ჩადენილი ძალადობის წამახალისებელი.