რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების შესახებ "მუქარა" ისევ გააჟღერა. ასე ის აშშ-ის, კანადის, იაპონიისა და ISS-ის პროგრამაში ჩართული ევროპული ქვეყნების მიერ აგრესორი სახელმწიფოსთვის დაწესებულ სანქციებს უპირისპირდება.

"ამ სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურება, ჩვენი ხალხის სასოწარკვეთასა და შიმშილის წინაშე დაყენება და ქვეყნის მუხლებზე დაჩოქებაა. გასაგებია, რომ მათ ეს არ გამოუვათ, თუმცა განზრახვა ცხადია", — წერს ის.

"მგონია, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და სხვა ერთობლივი პროგრამების ფარგლებში პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ უკანონო სანქციების სრული და უპირობო მოხსნითაა შესაძლებელი", —ამბობს როგოზინი მორიგ პოსტში.

როსკოსმოსის ხელმძღვანელმა მსგავსი განცხადება გასულ თვეშიც გააკეთა, უფრო ადრე კი — თებერვალში. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ერთგვარი მუქარა მუქარად რჩება და ამით ISS-ის საფრთხე არ ემუქრება. ომის დაწყებიდან დღემდე, სადგურზე არაფერი შეცვლილა. მეტიც, 30 მარტს NASA -ს ასტრონავტი დედამიწაზე რუსული რაკეტით 2 რუს კოსმონავტთან ერთად დაბრუნდა. პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.