4 აპრილს მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების გრემის რიგით 64 ცერემონია გაიმართა, სადაც სიმღერებთან ერთად პოლიტიკური მოწოდებებიც გაისმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ვიდეომიმართვა გააგზავნა, რომელიც მაყურებლისთვის ემოციური აღმოჩნდა.

"ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი საავადმყოფოებში დაჭრილებს და იმ ადამიანებსაც კი უმღერიან, რომლებსაც მათი არ ესმით. მაგრამ მუსიკა მათთან მაინც მიაღწევს", — განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გრემიზე შეკრებულ მუსიკოსებს მოუწოდა, რომ ის სიჩუმე, რომელიც რუსული ბომბების შედეგია, მუსიკით შეავსონ და მსოფლიოს უკრაინის შესახებ უამბონ.

"დაგვიჭირეთ მხარი, როგორც შეგიძლიათ, მაგრამ არა სიჩუმით. ეს სიჩუმე მუსიკით შეავსეთ", — დასძინა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მაყურებელმა ჯონ ლეგენდის ახალი სიმღერის, სახელად Free-ს, შესრულებამდე მოისმინა. სიმღერასთან ერთად კი მაყურებელი ეკრანზე უკრაინის ომის მძიმე კადრებს ხედავდა. ლეჯენდთან ერთად სცენაზე უკრაინელი მუსიკოსები მიკა ნიუტონი და სუზანა იგლიდანი იდგნენ. უკრაინელმა ლუბა იაკიმჩუკმა, რომელიც სამშობლოდან ცოტა ხნის წინ გამოიქცა, ლექსიც წაიკითხა.

"რას ჰგავს მუსიკა ყველაზე ნაკლებად? დანგრეული ქალაქების სიჩუმეს და მოკლული ხალხის დუმილს. ომი იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ავირჩიოთ, თუ ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რათა ვიცხოვროთ, გვიყვარდეს და ჩვენი ხმა ისმოდეს", — თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ადგილობრივი მუსიკოსები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ. ზოგი მათგანი ომის შესახებ საზოგადოებას აწვდის ინფორმაცია, ზოგიც კი ჰუმანიტარული მიზნებით თანხების შეგროვებაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ოსკარების 2022 წლის დაჯილდოებაც, სადაც ინიციატივის მიუხედავად, ზელენსკისთვის ჩართვის უფლება არ მიუციათ და არც მაინცდამაინც მკაფიო პოლიტიკური გზავნილები გავრცელებულა ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმიდან.