2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11,8% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

ფოტო: საქსტატი

მარტში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17,8%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,69%-იანი წვლილი შეიტანა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24,6%), პური და პურპროდუქტები (23,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20%), თევზეული (19%), ზეთი და ცხიმი (17,1%), ხილი და ყურძენი (16,8%), რძე, ყველი და კვერცხი (15,3%), ყავა, ჩაი და კაკაო (14,1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10,5%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21,6%, რაც 2,6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29,5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6,1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,8%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,4%-იანი მატება, რაც 0,85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12,9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11,3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2,4%).

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.