დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ წაუმღერია ან არ იცის იდინა მენზელის სიმღერა let it go, რომელიც ანიმაციური ფილმ Frozen-ის სავიზიტო ბარათად იქცა და 2014 წელს საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ოსკარიც მიიღო.

წლის მულტფილმად დასახელდა და ოქროს ქანდაკების მფლობელი გახდა თავად ანიმაციაც, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისმა შემოსავალმა კი დისნეის ყველა რეკორდი მოხსნა და კომპანიის ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტი გახდა, რომელმაც ჯამში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ანასა და ელზას ისტორიას დისნეი აუცილებლად გააგრძელებს, მეტიც, მისი პრემიერა 2019 წლის 22 ნოემბერს იგეგმება.

როგორც ანიმაციური ფილმის პროდიუსერი ამბობს, ეს იქნება სრულყოფილი ფილმი, რომელიც ერთნაირად დაიპყრობს როგორც პატარების, ისე ზრდასრული მაყურებლის გულს.

“დედოფალ ელზასა და პრინცესა ანას ისტორიას საოცარი დასასრული ელოდება. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დიდ დროს მოითხოვს. გადაღებები ჯერ არც კი დაწყებულა. სცენარზე მუშაობა კი იქამდე გაგრძელდება, სანამ სათქმელს ბოლომდე არ გადმოვცემთ”, - თქვა ჯენიფერ ლიმ.

Frozen 2-ზე დისნეის შემოქმედებითი გუნდი სერიოზულად მუშაობს, რათა დარწმუნდნენ რომ ის ისეთივე კარგი და წარმატებული იქნება როგორიც პირველი ნაწილი.

“როდესაც შენ უკვე გაქვს ერთი წარმატებული ფილმი და გიჩნდება სურვილი გქონდეს მეორეც, დიდხანს ფიქრობ თუ რა უნდა უთხრას ახალი ამ ფილმმა მაყურებელს, რა იქნებოდა მნიშვნელოვანი, რა იქნებოდა უფრო მიმზიდველი და ვფიქრობ ვიპოვნე კიდეც”, - ამბობს ლი.