საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების, კერძოდ შეკრების, ამომრჩეველთა შეფერხებისა და აღრიცხვის აკრძალვის სრული უგულებელყოფა შეინიშნებოდა.

მათვე ცნობით, უბნებთან იმყოფებოდნენ გავლენიანი პირები, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, თბილისისა და რეგიონების საკრებულოების წევრები, როგორც ქართული ოცნების, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების მხრიდან. საიას განცხადებით, უბნის მიმდებარედ მათი ყოფნა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რისკებს ზრდიდა, ამასთან დღის განმავლობაში აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დარღვევები კი არჩევნებში მონაწილე ორივე პარტიას უკავშირდება.

"პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის გამო, საიამ მხოლოდ 2 შემთხვევაში მიმართა საპატრულო პოლიციას. პერიმეტრის რეგულაციების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადეკვატური რეაგირება. ამრიგად, დღის განმავლობაში, პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის განგრძობითი ხასიათის მიუხედავად, საიას საპატრულო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს.

ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე შეინიშნებოდა კენჭისყრის შენობების შიგნითაც, რაც გამოწვეული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამკვირვებლების ყოფნით საკმაოდ მცირე ზომის უბნებზე. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, საიას ხელი ეშლებოდა პროცესზე სრულფასოვნად დაკვირვებაში. ეს პრობლემა აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას როგორც დღის განმავლობაში, ასევე უბნების დახურვის შემდეგ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, უბნების შიგნით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  • 78-ე უბანზე, თავმჯდომარემ ამომრჩეველს უთხრა ხომ იცოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა;
  • 79-ე უბანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ეცვა შავი მაისური, რომელზეც დაბეჭდილი იყო ნუგზარ ფუტკარაძის სახელი და გვარი, ფოტოსურათთან ერთად;
  • 89-ე უბანზე, რეგისტრატორის უკან მდგომი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას მრავალეთნიკური ერთობა, ინიშნავდა მონაცემებს სამაგიდე სიებიდან. დამკვირვებლის არაერთი მითითების მიუხედავად, თავმდჯომარემ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა;
  • 76-ე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ, ცარიელი ბიულეტენების რაოდენობა იყო 1-ით ნაკლები. კომისიის შესაბამისმა წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტება და განაცხადეს, რომ ეს ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

"საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე არ ხდებოდა COVID-19 პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციების სათანადოდ დაცვა. განსაკუთრებით პრობლემური იყო 78-ე უბანი, სადაც კომისიის წევრები პირბადის ტარების წესს საერთოდ არ იცავდნენ. ამაზე საიამ შენიშვნაც დააფიქსირა, თუმცა თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა რომ წესების დაცვაზე ეზრუნა, საიას დამკვირვებელს "ლაწირაკი" უწოდა. ყველა უბანი დროულად დაიხურა", — ამბობს საია.

რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართა. ამომრჩევლებმა რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩიეს. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ბათუმში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-მა მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა.

რაც შეეხება რუსთავს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.