სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია არ წაშლილა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე, დროებით მოუწვდომელია.

"www.sis.gov.ge — გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნინო თოლორაიამ დღეს განაცხადა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან, რომელიც მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვს იყო შექმნილი, ყველა ინფორმაცია წაშალა.